პირველი თურმეობითის წარმოებისათვის ტაოურში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10389საკვანძო სიტყვები:
ქართული ენა; ტაოური დიალექტი; მესამე სერია; პირველი თურმეობითი.ანოტაცია
კვლევის მიზანია ტაოურ დიალექტში პირველი თურმეობითის წარმოების შემთხვევების შესწავლა; მსგავსი თუ განსხვავებული ფაქტების წარმოჩენა ქართულ სალიტერატურო ენასა და სხვა დიალექტებთან მიმართებით.
კვლევისას ვეყრდნობით ახალ დიალექტურ ტექსტებს, რომლებიც ჩაწერილია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომელთა, მათ შორის ჩვენ მიერ, ტაოში 2007-2024 წლებში. ასევე, დავამუშავეთ გამოქვეყნებული ტაოური ტექსტები (ფუტკარაძე 1993; ფაღავა... 2007; ტაო 2020).
ქართული ენის ტაოურ დიალექტში გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები პირველ თურმეობითს სხვადასხვაგვარად აწარმოებენ:
I. გარდამავალი ზმნებიდან რიგ თავისებურებებს წარმოადგენს -ავ, -ამ თემისნიშნიანი ფორმები. ამ ტიპის ზმნებისათვის I თურმეობითში ამოსავალია აწმყო-მყოფადის ფუძე. ამ კუთხით ტაოურ დიალექტში ზმნურ ფორმათა სიჭრელე შეინიშნება. დასტურდება -ავ და -ამ თემისნიშნიანი წარმოება, მაგრამ სჭარბობს -ია დაბოლოებიანი ფორმები: დუუდგამს, დიმინახავს, დიმითესია, დიმინაყია, შიმისვია, ჩიმიცმია, უსკვიან „ურტყამს”.
ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა -ამ სუფიქსით გაფორმებულია უთემისნიშნო და ფუძედრეკადი ზმნები, ასევე არაიშვიათია თემის ნიშანთა მონაცვლეობა.
საკვლევ დიალექტში -ი-ა დაბოლოებიან ზმნებს I თურმეობითში იშვიათად ნარი ჩაერთვის: დავიწყნია, გამაყიდნია, გამაყრევნია.
II. ტაოურში გარდაუვალ ორპირიან ზმნათა I თურმეობითის ფორმები იშვიათია, იწარმოება სალიტერატურო ქართულის მსგავსად. დასტურდება შემდეგი შემთხვევები: მქონია, ჰქონია, ქონებია, ყოლია, ჰყოლია, ჰყოლიან.
ერთპირიანი ზმნები მსგავსად ქართული სალიტერატურო ენისა და სხვა დიალექტებისა, აღწერითად იწარმოება: დავწოლილვარ, დავწვენილვარ, დანახულ ვარ, გაგონილი მაქვა. ასევე გვხვდება -ია დაბოლოებიანი ზმნური ერთეულები: მიტირია, მიარენია... მესამე პირის ფორმებთან მეშველი ზმნა შეკვეცილი ფორმითაა წარმოდგენილი: აკიდულა, დაბეჩებულა, მოდრეკილან...
მიმღეობური ზმნების წარმოება თავისებურებით ხასიათდება ტაოურში, ეს თავისებურება თავს იჩენს პირველ თურმეობითის ფორმებთანაც: დაბადულა, დამჩალა, ავსილა...
შეიძლება ითქვას, რომ ტაოური დიალექტი, თურქულ ენობრივ გარემოში მრავალსაუკუნოვანი არსებობის პირობებში დღემდე ინარჩუნებს ენობრივი განვითარების საერთოქართულ ხაზს და ეს იკვეთება ზმნურ ფორმათა წარმოებისას.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





