ბათუმის ოსმალური ადმინისტრაცია (1918 წლის აპრილი-დეკემბერი)

ავტორები

  • ირაკლი ბარამიძე ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი https://orcid.org/0000-0001-7540-7006
  • მარიამ ალექსანდრია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მაგისტრი https://orcid.org/0009-0007-4728-6789

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8660

საკვანძო სიტყვები:

ბათუმი, ოსმალეთი, ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, ოსმალური ადმინისტრაცია, ოკუპაცია, რეფერენდუმი.

ანოტაცია

1918 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ბათუმის პოლიტიკური მომავალი კიდევ ერთხელ დადგა საფრთხის ქვეშ. მილიტარისტული ზრახვების მადით აღძრულმა ოსმალეთმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა ის რთული საშინაო ვითარება, რაც რუსეთის იმპერიაში სუფევდა პირველი მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე. ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმდა ამიერკავკასიის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის თქმის პირობებში, ოსმალეთმა გზა გაიკაფა ბათუმის ოლქისკენ. ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენცია საქართველოსთვის იყო სიტუაციის ქვეყნის სასარგებლოდ შემობრუნებისა და ოსმალეთთან სამართლიანი ზავის გაფორმების ერთგვარი ასპარეზი, თუმცა ოსმალეთი მიზანმიმართულად მიიწევდა 1878 წლამდელი საზღვრების აღდგენისკენ და არავითარ კომპრომისზე არ მიდიოდა. იგი ძალმომრეობით და სამართლის ნორმების დარღვევით დაეპატრონა ქართულ ოლქებს (ყარსი, არტაანი, ბათუმი), რითაც დაარღვია ბრესტის საზავო პირობებიც, რადგან ხელშეკრულება ხსენებული ოლქების მათთვის პირდაპირ გადაცემას არ ითვალისწინებდა.
1918 წლის აპრილში დაიწყო ბათუმის ოსმალური ოკუპაციის ხანა. ჩამოყალიბდა ოსმალური ადმინისტრაცია, რომელიც თავისი შინაარსით იყო უდისციპლინო და ტექნიკურად გაუმართავი. სახელმწიფო ხაზინა გადავიდა ოსმალთა ხელში. სახელმწიფო ენად გამოცხადდა ოსმალური, მიმოქცევაში შემოვიდა ოსმალური ლირა. ნავთობპროდუქტებზე დამყარდა მკაცრი კონტროლი. შეიზღუდა საქალაქო თვითმმართველობის უფლებები, ქუჩებს გადაერქვა სახელები. ქალაქში დამყარდა საპოლიციო რეჟიმი, კომენდანტის საათი, რამაც ერთგვარად უზრუნველყო ქალაქში წესრიგის შენარჩუნება.
სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით ქალაქი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ბათუმმა, ამ მსხვილმა სანავსადგურო ქალაქმა, დაკარგა თავისი ფუნქცია. ოკუპაციის პერიოდში დაეცა მაცხოვრებელთა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, მუშაობა შეწყვიტა ბათუმის პორტმა (მთავარმა ეკონომიკურმა არტერიამ), დაიხურა ფაბრიკა-ქარხნები, ქალაქში იმატა უმუშევრობის დონემ (შეიქმნა მარცვლეულის დეფიციტი, შეიზღუდა პურის მიწოდება და სხვ.). ოკუპაციის შედეგად გამოწვეულმა ქაოსმა განაპირობა მოსახლეობის ნაწილის მიგრაცია ქალაქიდან, რითიც გარკვეულწილად შეიცვალა ქალაქის დემოგრაფიული სურათი.
ე. წ. რეფერენდუმის ჩატარებით, რომელიც არაკანონიერად და წესების დარღვევით მიმდინარეობდა, ოსმალეთი შეეცადა თავისი ოკუპაციისთვის სამართლებრივი საფუძველი მიეცა, თუმცა რამდენიმე თვეში, მუდროსის ზავის შესაბამისად, მას მოუწია ქალაქისა და ოლქის დატოვება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-20

როგორ უნდა ციტირება

ბარამიძე ი., & ალექსანდრია მ. (2025). ბათუმის ოსმალური ადმინისტრაცია (1918 წლის აპრილი-დეკემბერი). შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 73–86. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8660

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია