„რევერსული მიგრაცია“ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12016საკვანძო სიტყვები:
რევერსული მიგრაცია, საქართველო, ეროვნული უსაფრთხოება, რუსეთ-უკრაინის ომი, ჰიბრიდული ომი, საერთაშორისო მიგრაცია, შავი ზღვის რეგიონიანოტაცია
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებამ არსებითად შეცვალა ევროპის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო. ომმა არა მხოლოდ სამხედრო და პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური, დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესების მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გამოიწვია. ამ კონტექსტში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანიშნულების ქვეყნად ჩამოყალიბდა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ომის, მობილიზაციის, საერთაშორისო სანქციებისა და ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე საკუთარ ქვეყნებს ტოვებენ. პარალელურად, საქართველოდან დასავლეთის მიმართულებით ემიგრაციის ტენდენციის გაძლიერებამ ქვეყანაში დემოგრაფიული და უსაფრთხოების ხასიათის ახალი გამოწვევები წარმოშვა.
წინამდებარე კვლევის მიზანია საქართველოში მიმდინარე რევერსული მიგრაციის პროცესის პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და უსაფრთხოების შედეგების ანალიზი. კვლევა ეფუძნება თვისებრივ მეთოდოლოგიას და შემთხვევის მეთოდის გამოყენებით იკვლევს რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველოში განვითარებულ მიგრაციულ პროცესებს. ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, აგრეთვე საერთაშორისო და ადგილობრივი აკადემიური ლიტერატურა, მედია-წყაროები და ექსპერტთა შეფასებები.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეთა მასობრივმა შემოდინებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე. გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა, საბანკო დეპოზიტები, უძრავი ქონების შეძენისა და იჯარის მაჩვენებლები, რაც, ერთი მხრივ, ეკონომიკური აქტივობის ზრდას უწყობდა ხელს, ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის შემცირებას და ფასების ზრდას განაპირობებდა. ასევე გამოიკვეთა რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდის ტენდენცია, რაც ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დამატებით რისკებს წარმოშობს.
ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების განზომილებას. განხილულია მიგრაციული პროცესების გავლენა საქართველოს დემოგრაფიულ სტრუქტურაზე, შრომის ბაზარზე, სოციალურ სტაბილურობასა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. ხაზგასმულია, რომ რუსეთის მოქალაქეთა მასობრივ შემოდინებასთან ერთად იზრდება ჰიბრიდული საფრთხეების, სადაზვერვო საქმიანობის, კიბერუსაფრთხოების გამოწვევებისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის რისკები. ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მზარდი ემიგრაცია, განსაკუთრებით შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის გასვლა, ქვეყნის დემოგრაფიულ და თავდაცვით პოტენციალს ასუსტებს.
კვლევის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ რევერსული მიგრაცია საქართველოსთვის მრავალგანზომილებიან გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებლისა, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა, ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია, დემოგრაფიული პოლიტიკის გაძლიერება და ეროვნული უსაფრთხოების მექანიზმების ადაპტირება ახალ რეალობასთან. მხოლოდ კომპლექსური და სტრატეგიული მიდგომით იქნება შესაძლებელი აღნიშნული პროცესებისგან გამომდინარე რისკების შემცირება და ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





