ვიზალიბერალიზაციის საკითხი და ქართველი მეცნიერი მიხეილ მუსხელიშვილი

ავტორები

  • ლელა სარალიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0008-5173-7906

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11778

საკვანძო სიტყვები:

ვიზალიბერალიზაცია, საქართველო, ევროპული ინტეგრაცია, მიხეილ მუსხელიშვილი, სტუდენტური მარში

ანოტაცია

ნაშრომში, ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად, ახალი საარქივო დოკუმენტე­ბის, უცხოური სამეცნიერო ლიტერატურისა და ფრანგული პრესის მასალების კრიტიკული ანალი­ზის საფუძველზე, შესწავლილია ვიზალიბერალიზაციის იდეის ფორმირების საწყისი ეტაპი და დადგენილია მისი ინტელექტუალური ჩამოყალიბების პროცესში ქართველი მეცნიერის მიხეილ მუსხელიშვილის როლი.

 ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს, როგორ უკავშირდება მ. მუსხელიშვილის მეცნიერულ-თეორიული არგუმენტაცია პრაქტიკულ-პოლიტიკურ ინიციატივებს და რა მნიშვნელობა აქვს მის ღვაწლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის. მიხეილ მუსხელიშვილი (მიშელ მუსხელი; 1903–1964) — ქართველი ემიგრანტი იურისტი, სტრას­ბურ­გის უნივერსიტეტის პროფესორი და ევროპული ფედერალიზმის ერთ-ერთი ადრეული თეო­რე­ტიკოსი — იმ იშვიათ ფიგურათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა საქმიანობა ქართულ ინტელექ­ტუა­ლურ ტრადიციასა და დასავლურ აკადემიურ სივრცეს ორგანულად აერთიანებს. მისი აკადემიური და საზოგადოებრივი საქმიანობა მიმართული იყო ევროპული ერთიანობის იდეის სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძვლების ფორმირებაზე.

 მ. მუსხელიშვილი სტუდენტურ მარშს სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის რანგში ხელმძღვანელობდა, სადაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. 1932 წელს მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და ფრანგულ ინტელექტუალურ სივრცეში მიშელ მუსხელის (Michel Mous­khély) სახელით ინტეგრირდა (Journal officiel de la République française, 22 mai 1932). 1959 წლის ივ­ლისში, სტრასბურგის უნივერსიტეტში, მ. მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევის ცენტრი (Centre de recherches sur l’U.R.S.S. et les pays de l’Est) შეიქმნა, რომელიც დასავლეთ ევროპაში სოვეტოლოგიური კვლევების ერთ-ერთ მნიშვნელო­ვან აკადემიურ პლატფორმად იქცა (Revue française de sociologie, №1-2, 1960, pp. 221–222). სტრასბურ­გის უნივერსიტეტში მ. მუსხელიშვილს მოიხსენიებდნენ როგორც „ჩვენი ქართველი“ ("Notre Géorgien"). (Extraits d'une lettre de M. Pierre Winkler, Consul Général de France du 9 Mai, Service des archives Institut Lebel, bureau 037 H, le dossier personnel de Michel Mouskhély, L'Université de Strasbourg).

 კვლევის თეორიული ჩარჩო ეყრდნობა ევროპული ინტეგრაციის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელთა დასაბამი 1957 წლის რომის ხელშეკრულებაში უნდა ვეძებოთ. ნაშრომში ხაზგასმულია, რომ თავისუფალი გადაადგილების იდეა მხოლოდ ინსტიტუციური განვითარების შედეგი არ არის — მას წინ უსწრებდა სამართლებრივი ნორმებისა და ინტელექტუალური დისკურსის მთელი რიგი, რომელთა ფორმირებაში მუსხელიშვილის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია 1950 წლის 6 აგვისტოს საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე, სენტ-გერმანსჰოფში ორგანიზებულ სტუდენტურ მარშზე, რომლის ერთ-ერთი ინიცია­ტორი და იდეოლოგი სწორედ მიხეილ მუსხელიშვილი იყო. აღნიშნული აქცია, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო „ევროპა არის აწმყო“, სიმბოლურად გამოხატავდა საზღვრების გაუქმებისა და თავი­სუფალი გადაადგილების იდეას, რაც და შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის კონცეპტუალურ წი­ნა­მორბედად განვიხილოთ.

 ნაშრომში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა, რაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან მიღწევად უნდა შეფასდეს. ვიზალიბერალიზაცია, როგორც თანამედროვე ევროპული პოლიტიკის ინსტრუმენტი, მხოლოდ XXI საუკუნის ფენომენად არ უნდა განიხილებოდეს. იგი უფრო ადრეულ ინტელექტუალურ და პოლიტიკურ იდეებს ეფუძნება, რომელთა ჩამოყალიბებაში ქართველ მეცნიერს მიხეილ მუს­ხელიშვილს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ეს გარემოება საქართველოს ადგილს ევროპული ინტეგრაციის ისტორიულ და თეორიულ ნარატივში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

სარალიძე ლ. (2026). ვიზალიბერალიზაციის საკითხი და ქართველი მეცნიერი მიხეილ მუსხელიშვილი. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 111–117; 118. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11778

გამოცემა

სექცია

ისტორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.