თამაშობათა ეთნოლინგვისტური ასპექტები

ავტორები

  • თამილა ლომთათიძე ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი https://orcid.org/0000-0001-6163-5876
  • ნანული ნოღაიდელი ფილოლოგიის მაგისტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი https://orcid.org/0009-0006-7688-4844

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8759

საკვანძო სიტყვები:

თამაში, კულტურა, მითოსი, რიტუალი.

ანოტაცია

თამაში ადამიანის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი სფეროა. თანამედროვე კულტუროლოგიური კვლევები თამაშს კულტურის შემქმნელ ფაქტორად განიხილავს. კულტურა სწორედ თამაშის ფორმით იქმნება. ამ თვალსაზრისით, თამაში კულტურაზე უფროსია, წინ უსწრებს და ქმნის მას. თამაშის უამრავ ფუნქციას შორის ერთ-ერთია მითოსური, საკრალურ მნიშვნელობის მქონე წარსულის რეპრეზენტაცია. ამ ფუნქციის მქონე თამაშებს ეძღვნება ჩვენი სტატია. ადამიანების წარმოდგენაში კოსმოგონიის მთავარი აქტი უფორმო ქაოსისაგან კოსმოსის, ანუ მოწესრიგებული სამყაროს შექმნა იყო. ადამიანს მუდამ ქონდა ამ მითოსურ წარსულში „დაბრუნებისკენ“ სწრაფვა, რასაც, სხვა ქმედებებთან ერთად, თამაშის საშუალებით ახერხებდა. თამაშის მეშვეობით ადამიანი პერიოდულად „აცოცხლებდა“ საკრალურ ხანას და სამყაროს შექმნის აქტს იმეორებდა. ასეთ თამაშებს განეკუთვნებოდა აჭარის ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი თამაშები წყვედობილა//გაგლეჯილა//ნიშხა, ნიშხა, ბარბალუკა, ცეცხლობია, ალმობია და სხვ. მითოლოგიაში ქაოსს, უწესრიგობას დემონები, დრაკონები, გველეშაპები განასახიერებენ. სამყაროში წესრიგის დამყარება ხდება კეთილი ღვთაების დრაკონებზე გამარჯვებით. სწორედ ეს მითოლოგიური მოტივია განსახიერებული თამაშში წყვედობილა//გაგლეჯილა//ნიშხა, ნიშხა, ბარბალუკა, სადაც გადმოცემულია მზის განმასახიერებელი პერსონაჟის - ქალ-ბარბალუკასა და ბოროტი ძალების განმასახიერებელი, გველეშაპის სახით პერსონიფიცირებული ნიშხას დაპირისპირება და ჭიდილი. თამაში განასახიერებს ქართველი ხალხის ეთნოგრაფიულ ყოფასა და ფოლკლორში ფართოდ გავრცელებულ გველეშაპის მიერ მზის მოტაცების მოტივს. სხვა თამაშებში (ცეცხლობია, ალმობია) მზე ჩანაცვლებულია მისი მიწიერი სიმბოლოებით - ცეცხლითა და დროშით//ალმით. ამგვარად, ეს თამაშები იმეორებს ქაოსის, ბნელი ძალების დამარცხების, სიკეთისა და სინათლის გამარჯვების მითოსურ ისტორიას. ამავე დროს, თამაშები დამატებით ეთნოგრაფიულ მასალას იძლევა წეს-ჩვეულებათა უძველესი ფორმების აღსადგენად და მათი ფუნქციონალური დანიშნულებისა და საკულტო შინაარსის ასახსნელად. ამ მხრივ ფასდაუდებელია ის ლინგვისტური მასალა, რაც ამ თამაშებმა შემოგვინახა და რაც მათი პირველსაზრისის ახსნაში გვეხმარება. ისე, როგორც, მაგალითად, თამაშები მოკუჭალიება, ბუღობია, ეწრობია, რომლებმაც შემოინახეს დღეობა „ბოსლობის“ ელემენტებიცა და ღვთაება ბოსლას ფონეტიკური სახეცვლილება „ბოლა“. ამდენად, მართალია, თამაშებმა დროსთან ერთად პირვანდელი პრაქტიკული საზრისი დაკარგეს, მაგრამ საკრალური შინაარსის მატარებელი, სარიტუალო დანიშნულების მქონე ეს თამაშები, ინარჩუნებენ უმჭიდროვეს კავშირს მითთან და არქაული ხანის ადამიანის ცნობიერების შესწავლის უმნიშვნელოვანეს წყაროდ რჩებიან.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

ლომთათიძე თ., & ნოღაიდელი ნ. (2025). თამაშობათა ეთნოლინგვისტური ასპექტები. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 400–410. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8759