საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხისათვის (რუს-ქართველთა საეკლესიო ინტერესების შემთანხმებელი კომისია, 1917 წ.)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8717საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; რუს-ქართველთა საეკლესიო ინტერესების შემთანხმებელი კომისია; გამმიჯვნელი კომისია; ვლადიმერ ბენეშევიჩი; სადავო ეკლესია-მონასტრები.ანოტაცია
დამოუკიდებლობის აღდგენილად გამოცხადების (1917 წლის 12 (25) მარტი) შემდეგ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებათა სრულად განხორციელება პეტროგრადის დროებითი მთავრობისა და რუსეთის ეკლესიის მიზნებს ეწინააღმდეგებოდა.
ახალ პირობებში საქართველოს ეკლესიის მოწყობის მიზნით მთავრობამ თბილისში თავის რწმუნებულად პეტროგრადის უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ბენეშევიჩი გამოგზავნა. მას ქართულ მხარესთან ერთად უნდა შეემუშავებინა „რუსეთის სახელმწიფოში საქართველოს ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის ძირითადი დებულებები“. ბენეშევიჩს დაევალა ასევე რუს-ქართველთა საეკლესიო ინტერესების შემთანხმებელი/რუს-ქართველთა საეკლესიო ინტერესების გამმიჯვნელი კომისიის ხელმძღვანელობა. აღნიშნული კომისიის შექმნის საჭიროება, განაპირობა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელთა პრეტენზიებმა საქართველოს ყოფილი საეგზარქოსოს ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ივერიის ძველი საკათოლიკოსოს ან ქართველი სამღვდელოების საკუთრება იყო და ავტოკეფალიის აღდგენილად გამოცხადების შემდეგ საქართველოს ეკლესიას უნდა დარჩენოდა.
დასახელებიდანაც ჩანდა, რომ კომისიის ამოცანას საქართველოს ეკლესიაში ეკლესია-მონასტრებისა და სხვა საკუთრების ეროვნული ნიშნით გაყოფა წარმოადგენდა. ეს კი მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონების სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა.
კომისია თბილისში 1917 წლის აპრილის ბოლო დეკადიდან ივნისის დასაწყისამდე მოქმედებდა. „საუკეთესო კანონისტად და კარგი მიმართულების ადამიანად“ ცნობილ მეცნიერთან მუშაობის პერსპექტივას ქართველი საზოგადოება სიხარულით შეხვდა (ჟურნალები, 2016: 143), მაგრამ საბოლოოდ ბენეშევიჩმა მათი იმედები არ გაამართლა.
რუს-ქაართველთა საეკლესიო ინტერესების გამმიჯვნელი კომისიის შემადგენლობა, მისი მუშაობის მსვლელობა და შედეგები სამეცნიერო ლიტერატურაში დეტალურად განხილული არ ყოფილა. სტატიის მიზანია კომისიის სხდომის ოქმებში დაფიქსირებული ფაქტებით საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიის შევსება; ძირითად წყაროს სწორედ აღნიშნული ოქმები წარმოადგენს.
ქართული მხარე სხდომებზე არსებული ვითარების სრულად ასახვის კუთხით ოქმებს მაღალ შეფასებას არ აძლევდა. მიუხედავად ამისა მნიშვნელოვანია ამა თუ იმ დაწესებულებისა და შენობა-ნაგებობის მესაკუთრეობის დასამტკიცებლად ქართული და რუსული მხარეების მიერ წარმოდგენილი კრიტერიუმებისა და არგუმენტების გაანალიზება.
ოქმებით დასტურდება რუსი ბერების მიერ ფრესკებისა და ეკლესიების გარეგნული იერსახის დამახინჯების, მათი ნაშთების განადგურების ფაქტები. ამის შესახებ აღნიშნული აქვთ შემთანხმებელი კომისიის არა მარტო ქართველ, არამედ რუს წევრებსაც, რაც ერთ-ერთი მოწმობაა იმისა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება რუსული საეკლესიო ხელისუფლების მტკიცება, თითქოს ქართულ მონასტრებში რუსი ბერების ჩასახლების მიზანი იქ არსებული ძეგლების დაცვა-პატრონობაც იყო.
ზოგიერთი ოქმის დამატებაში ქართული მხარის მიერ ასახულია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხისადმი შემთანხმებელი კომისიის თავმჯდომარის, ვლადიმერ ბენეშევიჩის უსამართლო, ტენდენციური მიდგომა;
ოქმები, თუმცა ზოგჯერ არაპირდაპირ, გვიდასტურებს ავტოკეფალისტთა აზრის ჭეშმარიტებას, რომლის მიხედვითაც დროებითი მთავრობის რწმუნებული ბენეშევიჩი არაობიექტურ მსაჯულადაა შეფასებული;
მასალა მეტ-ნაკლებად გვიქმნის წარმოდგენას იმ დაძაბულ გარემოზე, რომელშიც საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის დამცველებს უხდებოდათ მუშაობა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .