მეცხრამეტე საუკუნის ქუთაისის ბულვარის ბულვარული ქრონიკა

ავტორები

  • თამარ შარაბიძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ქართული შედარებითი ლიტერატურის ასოციაციის (GCLA) წევრი https://orcid.org/0009-0004-5900-9082

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8694

საკვანძო სიტყვები:

ქუთაისი, ბულვარი, ქრონიკა, XIX საუკუნე, ისტორია.

ანოტაცია

ელგუჯა თავბერიძის „BOULEVARD“ მეცხრამეტე საუკუნის ქუთაისის ბულვარის ბულვარული ქრონიკაა, მე-19 საუკუნის საზოგადოებრივი ყოფის ამსახველი ლიტერატურული ნაწარმოებია და მისი მხატვრული თავისებურება იმაშიცაა (თუგინდ სტილური), რომ მწერალმა ერთი ბულვარის ისტორიისა და მისი ყოფის თითქმის დოკუმენტალური დახატვით მთელი ეპოქის სულისკვეთება დაგვანახა. თითქოს მხოლოდ დოკუმენტურ კადრებს აღწერს ელგუჯა თავბერიძე, სინამდვილეში ამ აღწერაში გიორგი წერეთელივით თავის გულისტკივილს ატევს. გულისტკივილის მთავარი მიზეზი კი უნივერსიტეტ დამთავრებული ახალგაზრდობის პატრიოტულ სულისკვეთების ჩაქრობაა, ჩინოვნიკო-ბისაკენ ლტოლვა და ე.წ. „მამათა და შვილთა“ ბრძოლის შემდგომ კიდევ ახალი ახალგაზრდობის გამოსვლაა საჭირო საზოგადოებრივ ასპარეზზე ამავე საზოგადოებისთვის თვალის ასახელად.
ამ ქრონიკებს, მოგონებების სახით, XIX საუკუნის კლასიკოსთა მახვილგონიერებანიც შემოუნახავს, გიმნაზიაში სწავლების მეთოდები, პოლიციელთა სულისკვეთებაც და, რაც მთავარია, ბულვარის სტილი. ეს ის ბაღია, რომელშიაც წოდებრივი უთანასწორობა არ არსებობს, აქ ყველა ერთმანეთის ტოლი და სწორია, აქ წყდება როგორც ქალის გათხოვების, ცოლ-ის შერთვის, მზითევის ოდენობის, იმდღევანდელი სადილისათვის მასპინძლის შერჩევის, ასევე უფრო მასშტაბური საკითხებიც - მაგ. ქუთაისის არჩევნების ბედი, და მსოფლიოს მნიშვნელოვანი საკითხებიც აქვე მუშავდება, აქვე ითხზვება ტყუილიცა და ჭორიც, აქვე იმართება დუელები და ა.შ.
ელგუჯა თავბერიძე დაწვრილებით მოგვითხრობს ბულვარის ისტორიას, მოხერხებუ-ლად იმარჯვებს ისტორიკოსთა ჩანაწერებს, პუბლიცისტიკას, საარქივო მასალებს, მაგრამ არასდროს გადაჰყავს თხრობა მშრალი ინფორმაციის მოწოდებაში. მისი კომენტარები, რომლე-ბიც აგებულია პრინციპზე − სინამდვილეში როგორ იქნებოდა (როცა ურთიერთ გამომრიცხა-ვი ფაქტები ერთმანეთს ეჯახება) − უაღრესად მხატვრულია. მათში შერწყმულია ისტორიული ფაქტების ცოდნა, დაჭერილია ეპოქის სულისკვეთება, თვალსაჩინოა მეცნიერული არგუმენტაციის უნარი და უაღრესად დახვეწილი ავტორის სტილი, რომელშიც მხატვრულობა არც ერთ მომენტში არ იკარგება. ავტორი მსჯელობს ბაღის სახელზე - ფრანგულ სიტყვა ბულვარზე, რომლის შესატყვისად და საალერსოდ ქუთაისლებმა „გულვარდი“ იხმარეს. „ეს ხალხური სახელწოდება იმდენად პოპულარული იყო, რომ ბოლო ათწლეულებამდეც კი მოაღწია“.
ნაწარმოებში უხვადაა ჩართული „რომანული ეპიზოდები“, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეულია - გრენადერთა პოლკის პოლკოვნიკის პრინც კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგის უკვე ქმრიან აგრაფინა ჯაფარიძესთან რომანი. ეს რომანული ეპიზოდები, რა თქმა უნდა, ბულვართანაა დაკავშირებული.
ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან მრავალ ადამიანს გვაცნობს ელგუჯა თავბერიძე, წარმოგვიდგენს მათ აზრებს, ურთიერთობებს, დამოკიდებულებებს, რომელთაც მოკლე მიმოხილვაში ვერც კი ჩამოვთვლით. ნაწარმოები მთელი მეცხრამეტე საუკუნის ქრონიკაა, მასშტაბურია და სწორედ ამაშია მისი მნიშვნელობა. მწერლის სიტყვა მხატვრულობასთან ერთად ლოგიკური, მეცნიერული არგუმენტაციითაა მდიდარი. დასავლური დიალექტისათვის დამახასიათებელი სიტყვები ბუნებრივად ნათელს ხდის, რომ მე-19 საუკუნის მთელი საქართველოსათვის დამახასიათებელი მოვლენები სწორედ ჩვენი ქვეყნის დასავლეთში, საქართველოს „გულვარდ“ ქუთაისში მიმდინარეობს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

შარაბიძე თ. (2025). მეცხრამეტე საუკუნის ქუთაისის ბულვარის ბულვარული ქრონიკა. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 303–315. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8694

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ფოლკლორი