იგავური ენა, როგორც კინემატოგრაფიული ხერხი, კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას შემოქმედებაში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12065საკვანძო სიტყვები:
ელდარ შენგელაია, „სამოციანელები“, იგავური ფორმა, ფილმი „შერეკილები“ანოტაცია
ელდარ შენგელაია ქართველ კინორეჟისორთა თაობის - ე.წ. „სამოციანელთა“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, თაობის, რომელმაც უდიდესი გარდატეხა მოახდინა ეროვნულ კინემატოგრაფში და აღნიშნული ათწლეულის ხელოვნების მიმართულება განსაზღვრა. „სამოციანელებმა“ საკუთარი სათქმელით, ინდივიდუალური ხელწერით, მკაფიოდ გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციითა და ახალი მხატვრული ფორმებით, ქართული კინოს ახალ ეტაპს ჩაუყარეს საფუძველი.
ვინაიდან XX საუკუნის 60-იან წლებში, წინა პერიოდიდან მოყოლებული, ცენზურა კვლავაც ძალაში რჩებოდა, გამოსავალი ტრადიციული აზროვნების ფორმებისადმი ახლებურ მიდგომაში მოიძებნა. „სამოციანელთა“ ფილმებში ნაგულისხმევი რეალობა - სიმბოლოს, მეტაფორის, ალეგორიის ნიშნებით იყო შექმნილი. ამან ხელი შეუწყო იგავური ფორმების დამკვიდრებას, რაც ცენზურისაგან თავდაცვის საშუალებაც იყო და ამავე დროს, ხელოვანთა სათქმელსაც უფრო საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოაჩენდა ეკრანზე. სწორედ იგავი აღმოჩნდა ამ პერიოდის ქართული კინემატოგრაფის ყველაზე ხელსაყრელი ფორმა, რომლის მეშვეობითაც, მკაცრი ცენზურის პირობებში ქართველი კინემატოგრაფისტები ახერხებდნენ, დრამატული ან მსუბუქი ინტონაციებით გადმოეცათ თავიანთი დამოკიდებულება არსებული რეჟიმისა და ყოფის მიმართ. ასეთ ფილმებში მოქმედება ისტორიულად განუსაზღვრელ, პირობით სამყაროში მიმდინარეობს, სადაც რეალობა აბსტრაგირებულია, ხოლო მოქმედების ადგილს არ გააჩნია ზუსტი განზომილება. არ ხდება თითქმის არავითარი ყოფითი ელემენტების გამოყენება, კონკრეტული ნიშნით რაიმეს ასახვა ან სათქმელის პირდაპირ გაცხადება.
ელდარ შენგელაია - თვითმყოფადი, დახვეწილი, ორიგინალური კინემატოგრაფიული ენით მოგვითხრობს იგავურ სიბრძნეს. ნაშრომში განხილულია ფილმი „შერეკილები“, რომელიც კომიკური ელემენტებით შენიღბული ფილმ-იგავია ადამიანთა თავისუფლებისაკენ ლტოლვაზე. გაანალიზებულია იგავის სტრუქტურა, სიმბოლური ენის მნიშვნელობა და მხატვრული ფორმები, რომელთა მეშვეობით ავტორები ალეგორიულად მიუთითებენ საბჭოთა ეპოქის იდეოლოგიურ წნეხზე, ინდივიდისა და სისტემის დაპირისპირების კონტექსტში.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





