აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლების ისტორიისათვის
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11775საკვანძო სიტყვები:
კავკასია, ოსმალეთი, რუსეთი, აფხაზთა მუჰაჯირობა, აფხაზები აჭარაში, მუჰაჯირთა შთამომავლებიანოტაცია
კავკასია გამორჩეული გეოსტრატეგიული და სატრანზიტო მდებარეობის გამო ყველა დროში იყო და რჩება საერთაშორისო პოლიტიკის მნიშნელოვან ობიექტად. XVI საუკუნიდან ოსმალეთთან და ირანთან ერთად კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლაში აქტიურობას იწყებს რუსეთის სახელმწიფოც, რომელმაც კარგად გამოიყენა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი მისთვის ხელსაყრელი ვითარება: ძირითადი მეტოქეების დასუსტება, კავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა დაქსაქსულობა, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების დაკავებულობის მიზეზით ,,აღმოსავლეთის პრობლემისადმი“ გარკვეული პასიურობა და კავკასიის ასპარეზზე გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია. 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ რუსეთი როგორც სამხედრო მოქმედებებით, ისე დიპლომატური საშუალებებით აფართოებდა თავის გავლენას და XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტიურად მთელი კავკასია იმპერიის საზღვრებში მოაქცია. რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა აფხაზეთის სამთავროც.
რუსეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად შეუდგა ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური და დემოგრაფიული ხასიათის ღონისძიებების გატარებას, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა მისთვის სტრატეგიულად და ეკონომიკურად დიდი მნიშვნელობის რეგიონის - კავკასიის ფართომასშტაბიანი კოლონიზაცია, სრული ასიმილაცია და მისი იმპერიაში საბოლოო ინტეგრაცია. ამ მიზნით ცარიზმი გამიზნულად ცდილობდა კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსის შეცვლას. მისთვის ,,არასაიმედო“ მკვიდრი მოსახლეობის (რომელიც ხშირად სარწმუნოებრივადაც განსხვავდებოდა) აყრასა და გასახლებას და ამ ტერიტორიების ,,სანდო ელემენტით“ დასახლებას. ეს პროცესი აქტიურად შეეხო კავკასიის მკვიდრ ეთნოსებს: ადიღებს, აფხაზებს, ქართველებს და სხვებს. ამ საკითხში რუსეთისა და ოსმალეთის ინტერესები ძირითადად ემთხვეოდა.
აფხაზეთის სამთავროს გაუქმებით აფხაზთა გასახლების (მუჰაჯირობის) პროცესმა ორგანიზებული და მასშტაბური ხასიათი მიიღო. მხოლოდ 1867 წლის მუჰაჯირობის დროს მშობლიური მიწა-წყალი დატოვა თითქმის 20000 აფხაზეთის მკვიდრმა და ოსმალეთში გადასახლდა. აფხაზთა მუჰაჯირობის პროცესი ამის შემდეგაც გრძელდებოდა თვით პირველი მსოფლიო ომის ჩათვლით. აფხაზ მუჰაჯირთა მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა მიზეზით აჭარაში დამკვიდრდა. ცხადია მუჰაჯირად წასულთა ნაწილი ცდილობდა სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ამის უფლებას აღარ აძლევდა. ასე აღმოჩდნენ სამშობლოდან დევნილი აიკუცბების, კუდბების, კიშინდბების, მუსხაჯბების, ჩაზმავების და სხვათა ნაწილი ზოგჯერ თვით დედმამიშვილებიც კი აჭარაში, ხოლო მეორე ნაწილი თურქეთის რესპუბლიკაში. ისტორიულმა ვითარებამ განაპირობა ის, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დამკვიდრებულ აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებს ურთიერთობის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ. ამ თვალსაზრისით ვითარება შეიცვალა XX საუკუნის მიწურულს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ნაშრომში საარქივო, საველე, პრესის მასალების საფუძველზე, ისტორიოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით შესწავლილია აჭარასა და თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლების ურთიერთობების ზოგიერთი საკითხი XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





