უდიური ენა საქართველოში (სოციოლინგვისტური ანალიზი)

ავტორები

  • თეა გიგიტაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი https://orcid.org/0009-0001-5607-0396

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10386

საკვანძო სიტყვები:

უდიური ენა; საფრთხეში მყოფი ენა; ენის სტატუსი; ეთნიკური უმცირესობის ენა; საოჯახო ენა.

ანოტაცია

უდიები, უდინები − თვითსახელწოდება „უდი, უტი“ − კავკასიაში მცხოვრები ერთ-ერთი ძირძველი ხალხია. მიიჩნევიან კავკასიის ალბანელების შთამომავლებად. ისტორიული საცხოვრებელი ადგილი თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაა. უდიები მსოფლიოს ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ერია. სწორედ ეს მცირერიცხოვნება განაპირობებს უდი ხალხის ასიმილირების საფრთხეს სხვა ხალხებთან და უდიური ენის გაქრობის საშიშროებას.
უდიური ენა დატანილია გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომ ენათა მსოფლიო ატლასზე, რომელსაც იუნესკო აწარმოებს.
მეცნიერთა უმრავლესობის დასკვნით, ძველი ალბანელების ერთადერთი უშუალო მემკვიდრეები უდიები არიან, რომლებმაც დღემდე შემოინახეს ალბანური (უდიური) ენა. სავარაუდოდ, ალბანური ენა უნდა დადებოდა საფუძვლად თანამედროვე უდიურ ენას. ალბანური ენა კი განეკუთვნება მკვდარ ენათა ჯგუფს.
2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 203 უდი ცხოვრობდა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ყვარლის რაიონის სოფ. ზინობიანშია დასახლებული, სადაც ისინი 1920-1922 წლებში ვართაშენიდან (ახლანდელი ოღუზი, აზერბაიჯანი) გადმოსახლდნენ.
ამჟამად, უდიური ენის გავრცელების არეალი შემოიფარგლება სამი სოფლით: სოფ. ზინობიანით (საქართველო, ყვარლის მუნიციპალიტეტი), სოფ. ოღუზით (ყოფ. ვართაშენი) (აზერბაიჯანი, გაბალის (ყოფ. კუტკაშენის) რაიონი), სოფ. ნიჯით (აზერბაიჯანი, გაბალის რაიონი). უდიური ენა ძირითადად გამოიყენება სახლში, თუმცა ყველა უდი კარგად ფლობს იმ ქვეყნის ოფიციალურ ენას, სადაც ცხოვრობს.
სტატიაში წარმოვადგენ რიგ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ უდიური ენის ფუნქციონირებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე.
2023 წლის ოქტომბერში კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ უდიები, ვაწარმოე სოციოლინგვისტური კვლევა.
შედეგების გასაანალიზებლად გამოვიყენე სოციოლინგვისტური კვლევის ძირითადი ფაქტორები: სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული ინტერვიუ; ენობრივი დაკვირვება, კითხვარები...
ენის სოციოლინგვისტური ანალიზის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოვყავი:

დემოგრაფიული მაჩვენებელი და მისი გავლენა უდიური ენის ფუნქციონირებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე;

უდიურ ენაზე მოლაპარაკეთა პროპორციულობა მოსახლეობის სრულ რაოდენობასთან;

ბილინგვიზმი უდიურ თემში;

შერეული ქორწინებები და მისი გავლენა ენის ფუნქციონირებაზე;

მიგრაციული პროცესები და მისი გავლენა ენის ვიტალურობაზე.
ამ მეთოდების კომბინაციამ საშუალება მომცა, შემესწავლა ენა სოციალურ კონტექსტში და გამეანალიზებინა ენობრივი ცვლილებები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში.
არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევეცადე, წარმომედგინა სამიზნე ენის ვიტალურობის/სიცოცხლისუნარიანობის დონე საქართველოში, ასევე გამომეკვეთა პრობლემათა მიზეზები და ენის ფუნქციონირების მხარდამჭერი პროგრამების არსებობა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

19-12-2025

როგორ უნდა ციტირება

გიგიტაშვილი თ. (2025). უდიური ენა საქართველოში (სოციოლინგვისტური ანალიზი). შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 442–449; 450. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10386

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურა და ფოლკლორი

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.