ქართული სოციალ-დემოკრატიის ზოგადი ხასიათი და პირველი ნაბიჯები ბათუმში

ავტორები

  • გიორგი ბაციკაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი https://orcid.org/0000-0002-8671-8667

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8665

საკვანძო სიტყვები:

სოციალ-დემოკრატია, მესამე დასი, ბათუმი, მუშები, პოლიტიკური პარტია, სოციალური კლასი, საქართველო, პროტესტი.

ანოტაცია

სტატია ეხება ქართული სოციალ-დემოკრატიის ზოგად ხასიათსა და ორგანიზაციის მოღვაწეობის დასაწყისს ბათუმში. ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორია ერთობ საინტერესო და კომპლექსური თემაა იმდენად, რამდენადაც მისი განვითარების პროცესი არათუ მხოლოდ უკავშირდებოდა მე-20 საუკუნის პირველ ოცწლედში საქართველოში განვითარებულ ყველა ძირითად ისტორიულ მოვლენას, არამედ გარკვეულწილად განსაზღვრავდა კიდეც მას.
ქართული სოციალ-დემოკრატიის პირველი ჯგუფი - „მესამე დასი“ 1892 წლიდან იწყებს ჩამოყალიბებას, რომელიც ეფუძნება ევროპულ მარქსისტულ სოციალიზმს და უპირისპირდება რუსულ ნაროდნიკულ სოციალიზმს. ფაქტობრივად, „მესამე დასი“ ხდება პირველი იდეური გაერთიანება, რომელიც მწვავე კლასთა ბრძოლაში მშრომელი ხალხის ინტერესების დაცვისთვის იწყებს პოლიტიკურ ბრძოლას. პარალელურად, თანდათან განვითარდა განსხვავებული, ე.წ. რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატთა მიმართულება, რომელიც მოგვიანებით ე.წ. ბოლშევიკურ ფრთად გარდაიქმნა. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ იდეათა მრავალფეროვნების ფონზე მიმდინარე პროცესებმა შექმნეს ქართული სოციალ-დემოკრატიის მოზაიკური სურათი. 1903 წელს მესამე დასი რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას შეუერთდა, ქართული მენშევიზმის ჩამოყალიბების პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა და რსდმპ-ში ინტეგრირებაც მისი განვითარების ერთ-ერთი ეტაპია, რომელმაც ხელი შეუწყო მის ტრანსფორმირებას არა როგორც რუსული ბოლშევიზმისა თუ მენშევიზმის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად, არამედ ადგილობრივი საჭიროებებითა და მახასიათებლებით განსაზღვრულ ქართულ სოციალ-დემოკრატიად.
პარტიის მოღვაწეობის ერთ-ერთ ძირითად ცენტრს ქალაქი ბათუმი წარმოადგენდა. სოციალ-დემოკრატია პროლეტარიატს მთავარ რევოლუციურ ძალად მიიჩნევდა. შესაბამისად, ინდუსტრიული ცენტრები, რომლებიც მუშების მზარდი კონცენტრაციით ხასიათდებოდა, სოციალ-დემოკრატებისთვის განსაკუთრებულ ინტერესებს ატარებდა. თავის მხრივ ბათუმის ინდუსტრიული ცხოვრების აღმავლობა და მუშების სიმრავლე განაპირობებდა პარტიის აქტიურობას ქალაქში, სოციალური იდეები კი მის პოპულარობას მუშებში. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია „მესამე დასის“ ჩამოყალიბების, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის გააქტიურების ეტაპსა და ეროვნულ, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობაზე. ამასთანავე, ორგანიზაციის მოღვაწეობის საწყის ნაბიჯებზე ბათუმში, საპროტესტო აქციებსა და მის ხელმძღვანელებზე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-20

როგორ უნდა ციტირება

ბაციკაძე გ. (2025). ქართული სოციალ-დემოკრატიის ზოგადი ხასიათი და პირველი ნაბიჯები ბათუმში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 99–111. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8665

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია