შიო არაგვისპირელის „გაბზარული გული“ როგორც ლიტერატურული ზღაპარი
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12055საკვანძო სიტყვები:
ლიტერატურული ზღაპარი, ზღაპარი–რომანი, ინტერპრეტაცია, ალუზიაანოტაცია
ლიტერატურული ზღაპარი, როგორც მხატვრულ–ესთეტიკური ფენომენი, განსაკუთრებულია იმითაც, რომ საგულისხმო ტრანსფორმაციას განიცდის ჟანრობრივი თვალსაზრისით. ზღაპარი იწერება პოეტური თუ პროზაული ფორმით და არსებობს რომანის, მოთხრობის, ნოველის სახით. ეს ასპექტი ამ უკანასკნელს სრულიად განასხვავებს სხვა ლიტერატურული ჟანრებისაგან. XIX-XX საუკუნეების მიჯნის ცნობილი ქართველი მწერლის შიო არაგვისპირელის სახელთანაა დაკავშირებული ქართულ ლიტერატურაში ფსიქოლოგიური ნოველის დამკვიდრება. პროზაიკოსი, ამავე დროს, ლიტერატურული ზღაპრების ავტორიცაა. მწერალმა თავისი შემოქმედების შედარებით ადრეულ წლებში დაწერილ მცირე მოცულობის რამდენიმე ტექსტის ქვესათაურში ამ ჟანრს თავად გაუსვა ხაზი („...და, აჰა, მოვიდა მოგვი აღმოსავლეთით“ (ზღაპარი, 1900), „გრძნეული ციხე“ (ფანტასტიური ეტიუდი, 1901), „ჩემი თავგადასავალი“ (ფეერია, 1901)) ისევე, როგორც მოგვიანებით გამოქვეყნებულ რომან–ზღაპარში „გაბზარული გული“ (ქართული არაკი 1920). ქართულმა სალიტერატურო კრიტიკამ არაგვისპირელის შემოქმედების შეფასებისას ხაზი გაუსვა ავტორის ერთადერთ რომანსაც და ყურადღება გაამხვილა სიყვარულის, მეგობრობისა და ხელოვნების თემების მხატვრული ასახვის შინაარსობრივ ასპექტებზე. „გაბზარული გული“ მნიშვნელოვანია როგორც აღნიშნული საკითხების, ასევე, ტექსტში არსებული ალუზიური პლანებისა თუ ერთგვარი მეტატექსტური ფუნქციის მქონე ეპიზოდების გამოც, რომლებიც, თავის მხრივ, ქმნის რომანისათვის დამახასიათებელ არაერთ ჟანრობრივ თავისებურებასაც. ამ თვალსაზრისით დეტალური ანალიზი წარმოაჩენს ფაბულისა და სიუჟეტის, ქვესიუჟეტების, მიმართების თავისებურებებს. საგულისხმოა, რომ რომანში ჩართული არაკები (მწყემსის არაკი, ტყის დედოფლის არაკი) გარკვეულ მსგავსებასაც ავლენს ამავე პერსონაჟების თავგადასავალთან და, ამავე დროს, ერთი ამბის განსხვავებულ ვერსიებსაც წარმოადგენს. კიდევ უფრო განმსაზღვრელია რომანის მიმართება ქართულ ფოლკლორულ ეპოსთან „ეთერიანი“. ამ კავშირზე მკითხველს თავად ავტორი მიანიშნებს პერსონაჟების სახელებით (ეთერი, მარეხი). შიო არაგვისპირელის რომანი–ზღაპარი „გაბზარული გული“ მრავალმხრივ საგულისხმო ტექსტია, როგორც ერთ–ერთი პირველი დიდი მოცულობის ლიტერატურული ზღაპარი, რითაც მწერალი გამორჩეულ ადგილს იჭერს ქართული ლიტერატურული ზღაპრის ისტორიაში.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





