პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში და მისი კავშირი უძრავი ქონების ბაზართან

ავტორები

  • ვახტანგ მიქაშავიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0000-2094-6440

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11842

საკვანძო სიტყვები:

ტურიზმი, ინვესტიციები, უძრავი ქონება, კორელაციური ანალიზი, ორმხრივი ურთიერთკავშირი

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოს გლობალიზაციის პროცესში პირდაპირი უცხოური ინ­ვესტიციები (პუი) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის ტრანსფორ­მაციაში და სტრატეგიული დარგების განვითარების ხელშეწყობაში. საქართველოში ერთ-ერთ ასეთ სტრატეგიულ მიმართულებად ჩამოყალიბდა ტურიზმის სექტორი, რომელიც ბოლო ათწლეულში იქცა ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების და დასაქმების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ. ამ კონტექსტში აქტუალური ხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენის შესწავლა არა მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიის ზრდაზე, არამედ მის სისტემურ კავშირზეც ეკონომიკის სხვა სექ­ტორებთან, პირველ რიგში — უძრავი ქონების ბაზართან. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ავტორის კვლევები ეხება ინვესტიციებს, ტურიზმის განვითარებას და უძრავი ქონების ბაზარს ცალ-ცალკე, აღნიშნული საკითხის კომპლექსური შესწავლა საქართველოში შეზღუდულადაა წარმოდ­გენილი, რაც ჩვენი ნაშრომის მეცნიერულ სიახლესა და მნიშვნელობას განსაზღვრავს.

კვლევის მიზანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენის შეფასება ტურიზმის სექტო­რის განვითარებაზე და ამ გავლენის ურთიერთკავშირის ანალიზი უძრავი ქონების ბაზართან მი­მარ­თებით. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ნაშრომში გამოყენებულია როგორც რაოდე­ნობ­რივი, ისე თვისობრივი ანალიზის მეთოდები, რომლებიც მოიცავს 2016-2024 წლების პერიოდს. კვლე­ვისთვის გამოყენებული სტატისტიკური მონაცემები მიღებულია როგორც სახელმწიფო სტრუქტურებიდან (Geostat, NBG, GNTA და სხვ.), ასევე საზოგადოებრივი და კერძო კვლევითი ორგა­ნიზაციების ანგარიშებიდან.

კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან გავ­ლენას ახდენს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე (სასტუმროები, აპარტოტელები, რეკრეაციული ობიექტები), რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ტურისტული ნაკადების ზრდის დამატებით შესაძლებლობებს. ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად გაძლიერდა უძრავი ქონების ბაზარი, განსაკუთრებით საცხოვრებელი ბინების გაქირავებისა და გაყიდვის სეგმენტში. 2024 წლისთვის საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ გადააჭარბა 5 მილიონს, ხოლო საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსმა (RPPI) 2020–2024 წლებში საშუალოდ 48%-ით მოიმატა. ამასთან, ინვესტიციების მაღალი კონცენტრაცია უძრავი ქონების სექტორში ზრდის ბაზრის გადახურებისა და სტრუქტურული დისბალანსის რისკებს.

სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმის განვითარება და უძრავი ქონების ბაზარი ერთმანეთთან მჭიდრო კორელაციაშია, რაც ქმნის ორმხრივად განმაპირობებელ დინამიკას: ტურიზმის ზრდა ზრდის უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობას, ხოლო უძრავი ქონების სექტორის გაფართოება თავის მხრივ ახა­ლისებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ქმნის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს საცხოვრებელი ბინების გაქირავებისა და აპარტოტელების სეგმენტში. კვლევის შედეგები შესაძ­ლოა გამოყენებულ იქნას როგორც ეკონომიკური და ტურიზმის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, ისე კერძო ინვესტორებისთვის საინვესტიციო გადაწყ­ვე­ტილებების ანალიტიკურ საფუძვლად. წარდგენილი რეკომენდაციები ფოკუსირებულია ინვესტი­ციების სექტორულ დივერსიფიკაციაზე, რეგიონული თანასწორობის ხელშეწყობაზე და ბაზრის მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ რეგულაციურ პოლიტიკაზე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

მიქაშავიძე ვ. (2026). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში და მისი კავშირი უძრავი ქონების ბაზართან. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 556–574; 575. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11842

გამოცემა

სექცია

ეკოლოგია და ტურიზმი

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.