წერითი და ზეპირი მეტყველების მიმართების საკითხისთვის მჭევრმეტყველებაში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11824

საკვანძო სიტყვები:

მჭევრმეტყველება, ზეპირი მეტყველება, წერითი მეტყველება, ფუნქციური სტილისტიკა

ანოტაცია

წინამდებარე კვლევის საგანია ზეპირი და წერითი მეტყველების ურთიერთმი­მართება მჭევრმეტყველების კონტექსტში. ნაშრომი მიზნად ისახავს მეტყველების ამ ორი ფორმის ძირეული თავისებურებების, მათი ლინგვისტური და კომუნიკაციური ფუნქციების გაანალიზებასა და მჭევრმეტყველებაში მათი თანაარსებობის სპეციფიკის გამოკვეთას.

კვლევის აქტუალობა განპირობებულია თანამედროვე საჯარო კომუნიკაციის ტრანსფორმა­ცი­ით, სადაც ზეპირი და წერითი ფორმები სულ უფრო მეტად ურთიერთდამოკიდებული ხდება. მიუ­ხე­დავად იმისა, რომ ზეპირ და წერით მეტყველებას შორის განსხვავებები შესწავლილია, აღნიშნული ნაშრომი მჭევრმეტყველების ფონზე განიხილავს მათ თანაარსებობას, როგორც კომპლექსურ და ჰიბრიდულ ენობრივ-კომუნიკაციურ აქტს, რაც აქამდე, ძირითადად, ფრაგმენტულად იყო გაანა­ლი­ზებული ქართულ ლინგვისტიკაში. კვლევის სიახლე გამოიხატება იმაში, რომ ნაშრომში შესწავ­ლი­ლია არა მხოლოდ ზეპირი და წერითი მეტყველების საზღვრები, არამედ წარმოსახავს მათ დინა­მიკურ ურთიერთდამოკიდებულებას კონკრეტულ საზოგადოებრივ-ისტორიულ კონტექსტებში.

კვლევა ეფუძნება დესკრიფციულ-ანალიტიკურ და შედარებით მეთოდებს და აერთიანებს ფუნქციური სტილისტიკისა და რიტორიკის თეორიულ პრინციპებს. პირველ ეტაპზე, განხილულია წერითი და ზეპირი მეტყველების ცნებები და მათი ლინგვისტური და კომუნიკაციური თავისე­ბუ­რებები, განსაკუთრებული ყურადღებით მჭევრმეტყველების ჰიბრიდული ბუნების მიმართ. მეორე ეტაპზე, შესრულებულია ქართული მჭევრმეტყველების ტექსტების სტილისტიკური და ტექსტური ანალიზი სხვადასხვა სფეროდან, სადაც შეფასებულია ტექსტის წერილობითი მომზადებისა და ზეპირი რეალიზაციის თავისებურებები. შედარებითი ანალიზის შედეგად, გამოვლენილია ზეპირი და წერითი მეტყველების ურთიერთდაპირისპირებისა და ურთიერთშევსების მექანიზმები.

ნაშრომის ძირითადი მიზანია მჭევრმეტყველებაში წერითი და ზეპირი მეტყველების ფუნქ­ციური და სტრუქტურული ურთიერთმიმართების დადგენა. ამ მიზნის მისაღწევად: განსაზღვრულია ზეპირი და წერითი მეტყველების ლინგვისტური თავისებურებები; გაანალიზებულია ამ ორ ფორმას შორის განსხვავებები; აღწერილია მჭევრმეტყველების შუალედური, გარდამავალი ბუნება მეტყვე­ლე­ბის ზეპირსა და წერით ფორმებს შორის; ნაჩვენებია, რომ მჭევრმეტყველება არის ორივე ფორ­მის ორგანული სინთეზი, რომელიც ხშირად ეფუძნება წინასწარ დაწერილ ტექსტს, მაგრამ საბო­ლოოდ რეალიზდება ზეპირი წარდგენის გზით; გამოკვლეულია, თუ როგორ აისახება ეს შერწყმა მჭევრმეტყველების ეფექტიანობასა და სტრუქტურულ ფორმირებაზე.

კვლევა აჩვენებს, რომ მჭევრმეტყველება ვერ განიხილება მხოლოდ ზეპირი ან მხოლოდ წე­რითი ფორმის ფარგლებში – ის წარმოადგენს ჰიბრიდულ აქტივობას, სადაც წერით ფორმას ეკუთვ­ნის ტექსტის წინასწარ მომზადებული სტრუქტურა და შინაარსი, ხოლო ზეპირს – ემოციური ჩართუ­ლობა, აუდიტორიის მართვის შესაძლებლობა და იმპროვიზაციის პოტენციალი. ეს კომპლექსუ­რო­ბა მჭევრმეტყველებას ანიჭებს უნიკალურ როლს როგორც სიტყვიერ შემოქმედებაში, ისე საზო­გა­დოებრივ კომუნიკაციაში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

კენჭიაშვილი ნ. (2026). წერითი და ზეპირი მეტყველების მიმართების საკითხისთვის მჭევრმეტყველებაში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 340–351; 352. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11824

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.