შრომისადმი ქრისტიანული დამოკიდებულება სახარებისა და წმინდა ილია მართლის მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11821საკვანძო სიტყვები:
ქრისტიანობა, სახარება, შრომა, ილია მართალი, შრომისმოყვარეობაანოტაცია
საკონფერენციო მოხსენება ეძღვნება შრომის არსობრივი მნიშვნელობის ქრისტიანული მსოფლმხედველობით გააზრებას ადამიანის ცხოვრებაში. საკითხი ახსნილია წმინდა წერილისა და წმინდა ილია მართლის ლიტერატურული თხზულებების მიხედვით. ყურადღებას ვამახვილებთ მის იმ ნააზრევებზე, სადაც შრომისადმი ჯანსაღი მიმართების საკითხებს განიხილავს. წმინდა ილია მართლის მიერ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შრომას ქვეყნის შენების საქმეში, ჭეშმარიტ ცოდნასა და ლოცვასთან ერთად.
კვლევისას ასევე გაანალიზებული გვაქვს იერუსალიმში ქრისტეს ვირით შესვლის სიუჟეტი, სადაც სახე-სიმბოლო „ვირის“ (ძვ. ქართული „კარაული“) ალეგორიული მინიშნებაა წარმოდგენილი. მისი გააზრება, ჩვენი თვალთახედვით, შრომისმოყვარეობის სათნოების სიმბოლურ გამოხატულებად არის შესაძლებელი.
ქრისტიან ეგზეგეტთა რწმუნებით, პასექის დღესასწაულზე ქრისტეს იერუსალიმში შესვლის სახარებისეულ ეპიზოდში „ვირის“ სიმბოლოთი გამოიხატება თავმდაბლობის, მორჩილება-თვინიერებისა და მშვიდობისმყოფელობის სათნოებანი. ამის გათვალისწინებით, დამატებით ყურადღებას იმსახურებს სახე-სიმბოლო „ვირის“ მძიმე შრომასთან ასოცირება, რის საფუძველსაც იძლევა სახარებაში საგანგებოდ მითითებული – „ნაშობი კარაულისაგან“ (მათე 21, 5). „კარაული“ აქ სწორედ მძიმედ ნაშრომ-ნაჯაფ ვირზე მიგვითითებს, ხოლო საკუთრივ „მძიმე შრომითა და ჯაფით“ მოიაზრება ადამიანის ღვთივბოძებულ შესაძლებლობათა მაქსიმალურად რეალიზებული იმგვარი შრომა, რისი მეოხებითაც შრომის სიმძიმე გარდაისახება შრომისმოყვარეობად ქრისტესმიერად, რომლის „უღელი ტკბილ არს, და ტჳრთი სუბუქ არს“ (მათე 11, 30). ამდენად, შრომისმოყვარეობის წარმმართველი თავად ქრისტე ხდება და სწორედ იგი გვიმსუბუქებს ყოველგვარ სიმძიმეს.
სახარების ამგვარი გააზრებიდან მომდინარეობს, შრომისადმი ილია მართლისმიერი მიდგომაც, სადაც იგი ოთარაანთ ქვრივის პირით გვაფრთხილებს, რომ თვალმოუხუჭავი შრომაა საჭირო, რისთვისაც კაცმა, თავისი პოტენციური უნარების მაქსიმალური გამოყენებით უნდა იმოქმედოს, ქრისტიანულ სრულქმნილებაზე თუ აქვს პრეტენზია. ასეთ ადამიანს ნუგეშად მუდამ ჩაესმის ქრისტესმიერ: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“ (მათე 11, 28).
ამდენად, იერუსალიმში დიდებით შემავალი ვირზე ამხედრებული მაცხოვარი, ვირის სახე-ხატით მიგვანიშნებს, რომ ადამიანისგან ქრისტიანული კეთილი საქმეებით წარმართული შრომის სიმძიმეს - თავად ქრისტე გვიმსუბუქებს. ღმერთმა ადამიანებს უქმად ყოფნისთვის არ მოგვცა შემოქმედებითი ნიჭი და უსაზღვრო ძალისხმევის უნარები, არამედ ჩვენი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზება გვევალდებულება, რათა შევძლოთ მისი საღვთოდ გამოყენება, რისთვისაც სინამდვილეში გვაქვს იგი ბოძებული. ღვთისადმი ჩვენგან აღვლენილი ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვაც, ისევ ჩვენსავე სასიკეთოდ, საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე საღვთოდ რეალიზება-ხარჯვაში უნდა მოიაზრებოდეს. ამგვარი ძალისხმევით არის შესაძლებელი მივაღწიოთ საბოლოოდ განღმრთობის სანუკვარ მიზანსაც.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





