ექსისტენციალისტური კონცეპტები – აბსურდი და თვითმკვლელობა – გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10393საკვანძო სიტყვები:
ექსისტენციალიზმი; თვითმკვლელობა; აბსურდი; გურამ რჩეულიშვილი.ანოტაცია
ევროპული მიმდინარეობებისთვის ჩაკეტილ საბჭოთა კულტურულ სივრცეში ექსისტენციალისტური ტენდენციები 70-იანი წლებიდან დასტურდება, თუმცა წანამძღვრები უფრო ადრიდან შეიმჩნევა გურამ რჩეულიშვილის პროზაში. სტატიაში გაანალიზებულია თვითმკვლელობა, როგორც აბსურდული ცხოვრებისაგან თავდაღწევის საშუალება, ორი მოთხრობის – „მთებიდან ქალაქამდე“ და „ბათარეკა ჭინჭარაული“ – მაგალითზე.
სალამურას მხატვრულ სახეში იკვეთება სამყაროსთან, მის მკაცრ კანონებთან მებრძოლი ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი არსებისა და არსებობის დაცვას იმ დროსა და სივრცეში, სადაც იგი ბედნიერია. მაგრამ დაპირისპირებული სამყარო მის დამორჩილებას ცდილობს და ახერხებს კიდეც. ამ მოთხრობით გურამ რჩეულიშვილმა შექმნა მხატვრული სახე ირაციონალური, აბსურდული სამყაროს წინააღმდეგ აჯანყებული ადამიანისა, რომელიც საბოლოოდ სიზიფედ იქცევა.
მზია ბათარეკას ასული მკაცრ სოციუმში ცხოვრობს, ამიტომ იქ თავის მშვენიერ სამყაროს ქმნის, სადაც დომინანტური თავისუფლება და რომანტიკულობაა. მისი აზრები მიწიერი, ყოველდღიური, ჩვეულებრივი ადამიანური ყოფისა და ტკივილისაგან შორსაა, მაგრამ ქალი უეცრად ეჯახება ცხოვრების სასტიკ რეალობას, რაც მას მის მიერ შექმნილ სამყაროს უმსხვრევს. ინდივიდი საბოლოოდ უუცხოვდება გარემოს, გრძნობს გადაულახავ წინააღმდეგობას საკუთარ სურვილებსა და შექმნილ გარემოებებს შორის, რაც საკმარისი მიზეზია თვითმკვლელობისთვის. გაუცხოებული სამყარო მხოლოდ ერთ გზას უტოვებს ინდივიდს და იგი თვითმკვლელობისკენ მიდის.
როგორც ალბერ კამიუ ამბობს, სამყარო ამ დროს ადამიანისთვის არც რაციონალურია და არც ირაციონალური, ის უბრალოდ უგუნურია. ექსისტენციალისტური ფილოსოფიის მიხედვით თვითმკვლელობა არის ხსნა ამ აბსურდული სამყაროსგან თავდასაღწევად. ასე აღიქმება ეს კონცეპტებიც გურამ რჩეულიშვილის განხილულ მოთხრობებში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





