ბიბლიური ტოპოსები, როგორც მარკერები, ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის „წიგნის“ კონტექსტში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10392საკვანძო სიტყვები:
ტოპოსი; ბიბლია; მარკერი; რედაქციული სახესხვაობები.ანოტაცია
ბიბლიურ ტოპოსებს შუა საუკუნეების ლიტერატურაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მათი „ცნობადობიდან“ გამომდინარე, ისინი ალუზიურად მიანიშნებენ სიმბოლურ კავშირებზე უნივერსალურ სულიერ, მორალურ თუ ესქატოლოგიურ პარადიგმებთან, რის გამოც ავტორისეული თხრობა ტექსტში, რომელიც რეალურ მოვლენებს გადმოგვცემს, ბიბლიურ ტრადიციასთან ერთგვარი დიალოგის სახეს იძენს. ამგვარ კონტექსტში გააზრებული ამბავი ქმნის ტექსტის თავისებურ ქრონოტოპს, რომელიც წარსულის კვლავწარმოებით მას აწმყოსა და მომავალთან აერთიანებს და კოსმიური მნიშვნელობის ქრონოტოპში ჩართვით აღრმავებს ნარატივის ჰერმენევტიკულ ინტერპრეტაციას. აქედან გამომდინარე, ბიბლიურ ტოპოსებს, როგორც მარკერებს, ავტორები ხშირად კულტურული და ეროვნული იდენტობის გამოსახატავადაც იყენებენ.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბიბლიური ტოპოსების სტრუქტურული, სტილური და ლექსიკური იერსახე, მათი სიცხადე და შესაბამისობა საერთო კონტექსტთან მნიშვნელოვანი მარკერია შუა საუკუნეების ამა თუ იმ ტექსტის რედაქციულ სახესხვაობათა შორის უადრესი, ავთენტური იკითხვისების დასადგენად და, შესაბამისად, გვიანდელი ხელნაწერებით მოღწეული თხზულებების შექმნის კულტურულ-ისტორიული პერიოდის განსასაზღვრად. ამ თვალსაზრისით ჩვენ ყურადღება მივაქციეთ „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ადრეულ რედაქციებში ჩართულ ქართლის პირველი ნათელღებული მეფის, მირიანის, „წიგნს“, რომელიც წარმართობის დაძლევით ქრისტეს ნათელს ზიარებული კაცის სულიერ აღსარებას წარმოგვიდგენს.
ბოლოდროინდელი კვლევებით სულ უფრო მტკიცდება აზრი, რომ „ქართლის მოქცევის“ შემადგენლობაში ისტორიულ ქრონიკასთან ერთად შეტანილი „წმინდა ნინოს ცხოვრება“ IV საუკუნეში უნდა დაწერილიყო, თუმცა გვიანდელი (X-XIV სს.) ნუსხებით მოღწეული ტექსტი სხვადასხვა ფაქტორის გამო მეტ-ნაკლებად დაზიანებული და სახეცვლილია. თხზულების უძველესი პლასტებიდან ხელნაწერებს შემოუნახავთ გარდაცვალების ზღვართან მყოფი მირიან მეფის „წიგნი“, რომელიც ბიბლიური ტოპოსების, როგორც მარკერების, ლექსიკურ-სტილური მახასიათებლებით მიგვანიშნებს არა მხოლოდ ტექსტის შექმნის კულტურულ-ისტორიულ ეპოქაზე, არამედ რედაქციული სახესხვაობების ფარგლებში უფრო ძველ, პროტორედაქციასთან მიახლოებულ იკითხვისებზეც.
ქართლის პირველი ნათელღებული მეფის „წიგნის“ ამ თვალსაზრისით შესწავლამ, რაზეც აქამდე ყურადღება საგანგებოდ არ გამახვილებულა, ცხადყო, რომ პირვანდელი სახე ტექსტს არცერთ ხელნაწერში არ აქვს შენარჩუნებული, თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, ის შატბერდულ რედაქციაში უფრო ავთენტური წყაროდან უნდა მომდინარეობდეს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





