საქართველოს ადგილი შავი ზღვის სრუტეების კონვენციაში და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია (XX საუკუნის 20-30-იანი წლები
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10358საკვანძო სიტყვები:
საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ლოზანის კონვენცია, მონტრეს კონვენცია.ანოტაცია
ნაშრომში საარქივო დოკუმენტებისა და ემიგრაციული პრესის მასალების მეცნიერული ანალიზის საფუძველზე, შესწავლილია ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსების ბრძოლა გასაბჭოებული საქართველოს ინტერესების დასაცავად, ლოზანისა და მონტრეს საერთაშორისო კონფერენციებზე. შავ ზღვას, ასევე, ბოსფორის და დარდანელის სრუტეებს, უძველესი დროიდან, როგორც მოსაზღვრე, ასევე, არამოსაზღვრე ქვეყნებისთვის განსაკუთრებული სავაჭრო-ეკონომიკური და სამხედრო მნიშვნელობა აქვს. რკინის ფარდის მიღმა, ევროპაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსები, აცნობიერებდნენ რა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას, სრუტეების საერთაშორისო კონვენციაში საქართველოსთვის ადგილის მოსაპოვებლად, საერთაშორისო დონეზე აქტიურად იბრძოდნენ. რამდენიმე სამეცნიერო სტატიას თუ არ ჩავთვლით, აღნიშნული საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდ შესწავლილი არ არის, ხოლო საბჭოთა ისტორიოგრაფია ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსების ბრძოლას მენშევიკების მოქმედებად აფასებს და მათ ღვაწლს მნიშვნელოვნად აკნინებს.
ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებთან დაკავშირებით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, მთავარი როლი თურქებს ეკუთვნოდათ. პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ, 1918 წლის 30 ოქტომბერს მუდროსში დადებული ხელშეკრულება, ანტანტის ქვეყნების წინაშე ოსმალეთის კაპიტულაციას ითვალისწინებდა. ოსმალეთის ხელისუფლება იძულებული გახდა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოებისთვის შავ ზღვაში შესვლის, ასევე, კონსტანტინოპოლისა და სრუტეების ოკუპაციის უფლება მიეცა. 1920 წლისთვის ანტანტის სამხედრო ნაწილებმა კონსტანტინოპოლი და შავი ზღვის სრუტეები დაიკავეს. 1918 წლიდან 1920 წლის ივლისამდე, ქ. ბათუმში დიდი ბრიტანეთის ჯარი იდგა. 1920 წლის 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბათუმი მის კანონიერ მეპატრონეს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას დაუბრუნა. 1920 წლის 10 აგვისტოს, პარიზის მახლობლად, სევრში დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ოსმალეთი თავისი ტერიტორიის 3/4-ს კარგავდა, ხოლო სრუტეები სპეციალურ კომისიას უნდა გაეკონტროლებინა.
1921 წლის თებერვალ-მარტში, რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, საქართველოს კანონიერი მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და დაკარგული თავისუფლების აღსადგენად ბრძოლა უცხოეთიდან გაეგრძელებინა. საქართველოს ემიგრაციული მთავრობის, 1922 წლის 13 ნოემბრის დადგენილებით, ლოზანის კონფერენციაზე აკაკი ჩხენკელი და ხარიტონ შავიშვილი გაგზავნეს. საქართველოს ეროვნული მთავრობის მიერ წარგზავნილი არაოფიციალური დელეგაციის ძალისხმევით, საქართველო, როგორც შავიზღვისპირა ქვეყანა, ლოზანის კონფერენციის ოქმებში შეიტანეს. გარდა ამისა, კონფერენციამ სრუტეების კონვენციის XII მუხლში საქართველოს ადგილი დაუტოვა. აღნიშნულ მუხლში საუბარი იყო საერთაშორისო კომისიაზე, რომელსაც სრუტეების საკითხში ახალი წესების შესრულებაზე მეთვალყურეობა ევალებოდა. იმავე მუხლის III აბზაცში, რომელსაც მეტსახელად „ქართველების აბზაცს“ უწოდებდნენ, აღნიშნული იყო, რომ შავი ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფოებს – საქართველოსა და უკრაინას, რომელთაც ლოზანის კონფერენციის მუშაობაში ოფიციალურად მონაწილეობა არ მიუღიათ, უფლება ჰქონდათ საერთაშორისო სრუტეების საკითხის შემსწავლელ კომისიაში საკუთარი წარმომადგენელი გაეგზავნათ. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, შემდგომში ეს პოზიცია ემიგრაციაში მოღვაწე ქართველმა პოლიტიკოსებმა ვეღარ შეინარჩუნეს. 1936 წლის 20 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ მონტრეში ხელი მოეწერა ახალ მონტრეს კონვენციას, რომლის ძალითაც ლოზანის კონფერენციის გადაწყვეტილება გაუქმდა, შავი ზღვის სრუტეებზე თურქეთის სრული სუვერენიტეტი აღდგა. ამ დროისთვის, ქართული ემიგრაცია შესუსტებული იყო. 1933 წლის ივლისში, პარიზში ქართული ლეგაცია ოფიციალურად გაუქმდა (არქივი, ფ. 1864, ან. 2, ს. 915:15), რასაც წინ უსწრებდა რუსეთ-საფრანგეთის თავდაუსხმელობის პაქტი (1932 წ. 29 ნოემბერი) (სარალიძე, 2010/2011:384).
მონტრეს კონვენციამ მძიმე გამოვლინება პოვა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა აშშ-ს ხელისუფლებამ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შეყვანა განიზრახა, თურქეთის მთავრობამ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში ამერიკული გემების გატარებაზე უარი განაცხადა და მონტრეს კონვენცია აამოქმედა. ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსების მცდელობის მიუხედავად, საქართველო უძლური აღმოჩნდა დაეცვა ქვეყნის უფლებები სრუტეების კონვენციაში, რასაც მაშინ საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებამ აქტიურად შეუშალა ხელი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





