შავი ზღვის წმინდა ნიკოლოზის საბაჟო (1856-1910)

ავტორები

  • მერაბ მეგრელიშვილი ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, https://orcid.org/0009-0009-7140-9173
  • ნიკოლოზ მეგრელიშვილი სამართლის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0002-3639-5019

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8680

საკვანძო სიტყვები:

საბაჟო, საკარანტინო ზონა, საზღვრების კონტროლი, ნავმისადგომი.

ანოტაცია

1853-1856 წწ. ყირიმის ომის შემდეგ შავი ზღვის ქობულეთის სანაპიროს განსაკუთრებული სამხედრო სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. წმინდა ნიკოლოზის ფორფოსტი მოიცავდა ტერიტორიას ნატანების შესართავთან, სადაც მდებარეობდა შეკვეთილის ნავმისადგომი. პროფესორი თამაზ ბერაძე ციხე-სიმაგრის დაარსების თარიღად ასახელებს 1737 წელს. XIX საუკუნის დასაწყისის დასავლეთ საქართველოს რუკაზე აღნიშ-ნულია წმინდა ნიკოლოზის ციხე-სიმაგრე. რუსეთის მეფე ნიკოლოზ პირველის საპატივცემულოდ მას მოიხსენიებდნენ ნიკოლაევსკის სახელითაც. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ქვიშის ბორცვზე მდებარე საბაჟო საგუშაგოს, სადაც განთავსებული იყო საკარანტინო ზონა, პროვიანტის მაღაზია და ყაზარმა 30-მდე გუშაგისთვის. 1788-1792 წლებში სიმონ მესამე გური-ელის ნებით შეკვეთილში მებაჟეობის უფლებით სარგებლობდნენ თავადი ნაკაშიძეები. 1812 წელს ბუქარესტის ზავის მიხედვით შეკვეთილი რუსებმა დაიკავეს და აქ დამტკიცდა რუსეთ-თურქეთის საზღვარი. 1813 წელს საქართველოს მთავარმმართებელ ნიკოლოზ რტიშჩევის ნებით გურიელმა განაახლა წმინდა ნიკოლოზის სიმაგრის მშენებლობა.
1856 წლიდან დაარსებულ შავი ზღვის ნიკოლოზის საბაჟოს ძირითად მოვალეობას შეა-დგენდა საზღვრის მეთვალყურეობა და კონტროლის დაწესება შემოტანილ საქონელზე. წმინდა ნიკოლოზის საბაჟო-საგუშაგო ექვემდებარებოდა ფოთის საკარანტინო-საბაჟო კანტორას, რომელიც შედიოდა ქუთაისის საბაჟო ოკრუგში. ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიაში საბაჟოს საქმეს ხელმძღვანელობას უწევდა საბაჟო-საკარანტინო სამმართველო, რომლის რეზიდენცია თბილისში იყო. თავდაპირველად წმინდა ნიკოლოზის საბაჟო მდებარეობდა გურია-აჭარის საზღვარზე. 1878 წლის შემდეგ საბაჟო-საგუშაგო გადაიტანეს ჩურუქსუს მიდამო-ებში. ამავე დროს ბათუმში დაფუძნდა საბაჟო საკარანტინო ზედამხედველობა, რომელიც მეთვალყურეობას უწევდა ბათუმის პორტში არსებულ გემებს, შემდეგ წმინდა ნიკოლოზის საბაჟო გადააქვთ მაკრიალთან, თურქეთის საზღვართან ახლოს. ნიკოლოაევსკის საგუშაგოს სასაზღვრო სოფლები იყო: ხოფა, არხავი, ვიწე. თურქეთიდან ქობულეთში შემოდიოდა იალქნიანი გემები.
1865 წლის 25 აგვისტოს რუსეთის საზღვაო საქმეთა სამინისტრომ (პეტროგრადი, მინისტრი ნ. კრაბე) დაამტკიცა შავი ზღვის სამხრეთ-
155
აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული მეთვალყურე გემების მოქმედების წესები. სანაპიროს მეთვალყურეობა დაწესებული ჰქონდათ აზოვის ბარკასებს, რომლებიც სანაპიროს გასწვრივ აწარმოებდნენ სწრაფ რეისებს. კომერციულ გემებს უნდა გაევლოთ საკარანტინო ზონა. დაწესდა კონტროლი კონსტანტინეპოლსა და სოხუმს შორის მოცურავე გემებზე. კონტროლი ძირითადად წარმოებდა საკარანტინო ზონაში, სადაც შესამოწმებლად მოჰყავდათ ღია ზღვაში დაკავებული გემები. უცხო გემებიდან ჩამორ-თმეული საქონელი ერთი წლის განმავლობაში ინახებოდა საბაჟოს საწყობებში, ხოლო შემდე კი ხდებოდა მათი კონსფისკაცია. 1857 წლის 23 ივლისს აკრძალეს მუხის ხის გატანა.
სავაჭრო საქონელი ძირითადათ შემოდიოდა ფოთიდან, ოჩამჩირიდან, ქერჩიდან, როსტოვიდან, რედუტკალედან, ევპატორიიდან. შემოქონდათ ევროპული ფუფუნების საგნები, პარფიუმერია, სარკე, საათები. 1857 წელს საბაჟოს ტერიტორიაზე შემოტანილ საგნებს შორის დასახელებულია თევზის სხვადასხვა სახეობა: სელდი, ოლოვა, ასევე თამბაქო, ბოსტნეული, ხილი, ფქვილი, ფასოლი, ხალვა, ცხვრის შალი, საღებავები, ლითონი. რუსეთის ბაზარზე დიდი მოთხოვნილება იყო აზიურ შალზე, რითაც მარაგდებოდნენ მოსკოვის საწარმოები. აზიური შალისგან ევროპაში კერავდნენ საუკეთესო ტანსაცმელს.
1866 წლის 31 მაისს რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბალუევმა დაამტკიცა საკა-რანტინო საბაჟოს ინსტრუქცია, რომელშიც მინიშნებულია საბაჟოს წევრთა საქმიანობა და მათი უფლება-მოვალეობანი.
განსაკუთრებული აკრძალვები იყო დაწესებული კონსტანტინეპოლიდან გადმოსული რელიგიის მსახურთა მიმართ. მათი ვიზირება ხდებოდა რუსეთის სინოდის ნებართვით.
1878 წლის 19 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და 1886 წლის 19 მაისის აზიური დეპარტამენტის გადაწყვეტილებით საბაჟოს განსაკუთრებული კონტროლი ჰქონდა დაწესებული იარაღის, ქაღალდის და შალის შემოტანაზე. უცხოეთიდან შემოსულ გემებზე სხვადასხვა დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით წარმოებდა სამედიცინო შემოწმება. 1910 წლის 8 ივლისს რუსეთის ფინანსთა მინისტრის საფუძველზე შავი ზღვის წმინდა ნიკოლოზის საბაჟო გაუქმდა და გამოცხადდა ჩურუქსუს საბაჟო გადასასვლელ პუნქტად.1918 წლიდან შეკვეთილში დასახლდნენ რუსი ძველმართლმადიდებლები (სტაროვერები).1920 წელს შეკვეთილის ციხე დაანგრიეს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

მეგრელიშვილი მ., & მეგრელიშვილი ნ. (2025). შავი ზღვის წმინდა ნიკოლოზის საბაჟო (1856-1910). შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 152–164. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8680

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია