იამატოს რასის კონცეფცია და ტანაკას მემორანდუმი იაპონური ფაშიზმის იდეოლოგიაში

ავტორები

  • ლეილა (ია) ხუბაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-7784-4637

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11779

საკვანძო სიტყვები:

იაპონია, ნეპონიზმი, შინტო, ფაშიზმი, ტანაკა

ანოტაცია

XX საუკუნე ისტორიაში მუსოლინის სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაშიზმის ერად იქცა; ფაშისტური იდეოლოგია გავრცელდა ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე, ბრიტანეთში, აზიაში და რელიგიური მრავალფეროვნება მიიღო: კათოლიკური, პროტესტანტული, მართლმადიდებლუ­რი და ა.შ. წინამდებარე სტატიის მიზანია გაანალიზოს იაპონურ ფაშიზმთან დაკავშირებული დის­კურსი, რომელმაც ბოლო პერიოდში იაპონურ და დასავლურ ისტორიოგრაფიაში ფართო ინტერესი გამოიწვია. არსებობდა თუ არა ფაშიზმი იაპონიაში? ამ საკითხზე ისტორიკოსთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. იაპონელ მკვლევართა ნაწილი: ტაკაში, ტაკეხირო, ტაკაჰი და ინგლისურენოვანი მეცნიერები: ბერგერი, გარონი, კაზა, ბრაუნი, დუსი, სპილმანი და ოკიმოტო ამტკიცებენ, რომ იაპო­ნია ფაშისტური სახელმწიფო არ იყო. მათ ჩამოაყალიბეს შემდეგი არგუმენტები: 1. იაპონიაში არ ყოფილა მასობრივი ფაშისტური მოძრაობა; 2. იაპონიას არ ჰყავდა ფაშიზმისთვის დამახასია­თე­ბელი ქარიზმატული ლიდერი; 3. იაპონიაში ფაშისტების მიერ ძალაუფლების უზურპაცია არ მომხდარა; 4. ამ დროს იაპონიაში მომხდარი ტერორისტული აქტები სახელმწიფოს მიერ იყო შთა­გო­ნებული და დაფინანსებული; 5. იაპონიაში არ არსებობდა კორპორატიული სისტემა; 6. იაპონია უნიკალური ქვეყანაა და მასზე გავლენას არ ახდენს სხვა ქვეყნებში ისტორიული პროცესების გასარკვევად გამოყენებული ტრადიციული ისტორიული კატეგორიები.

 იაპონიას ფაშისტურ ქვეყნად მიიჩნევენ არა მხოლოდ მარქსისტები, არამედ სხვა იაპონელი მკვლევარებიც: კინძო, ჰიროზუმი, მასაო, კიოტადა, ტეცუო, იოშიაკი. ამ იდეას ასევე მხარს უჭერენ ბიქსი, გორდონი, რეინოლდსი და ტანსმანი. ისინი განიხილავენ იაპონურ „იმპერიულ ფაშიზმს“, გერმანიისა და იაპონიის ანალოგიურ სიტუაციებს (ძალაუფლების კულტი, ყველაფრის დაშვება, ეროვნული უნიკალურობა, დიქტატურა, „იამატოს რასის“ ექსპანსიური პოლიტიკა) და იაპონიას „კომპოზიტურ ფაშისტურ სახელმწიფოდ“ მოიხსენიებენ. რეინოლდსის აზრით, „იმპერატორის ძალაუფლებაზე დაფუძნებული იდეოლოგია იაპონური სტილის ფაშიზმის ფორმაა“. შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში ბევრმა მკვლევარმა აღმოაჩინა „ფაშიზმის კულტურა“ და „ფაშისტური ესთეტიკა“ იაპონიის მოდერნიზაციასთან და „კრიზისის ფაშისტური მეთოდებით მართვასთან“ დაკავშირებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს იაპონური ფაშიზმის ისეთი სპეციფიკური თავისებურებები, როგორიცაა, მაგალითად: 1. იაპონური ფაშიზმის დროშა, რომელიც გამოხატავდა არა პარტიას, არამედ იმპერატორს; 2. ტანაკას 7 ეტაპიანი გეგმა; 3. იამატოს უმაღლესი რასის დომინირება აზიაში; 4. ეროვნული რელიგიის – შინტოსა და სამურაების კოდექსის „ბუსი­დოს“ იდეის სინთეზი.

 ზოგიერთი მკვლევარი იაპონიას ფაშისტურად 1930 წლიდან მიიჩნევს და ამას შემდეგი არგუ­მენტებით ასაბუთებს: 1. მილიტარისტული იაპონიის მთელი პატრიოტული კულტი აგებულია იმპე­რატორის თაყვანისცემასა და მის მსახურებაზე; მას „მზის ძედ“ და შინტოს უმაღლეს იერარქიად მიიჩნევენ. ანალოგიურად, იაპონური ძალაუფლების მოდელში იმპერატორი მნიშვნელოვანია არა როგორც პიროვნება, არამედ როგორც ფუნქცია. 2. იმპერატორ ჰიროჰიტოს „აზიელ ჰიტლერს“ უწო­დებდნენ და ის არ გასამართლებულა მხოლოდ იმიტომ, რომ ტოჯომ და სხვა გენერლებმა სრული პასუხისმგებლობა აიღეს დანაშაულზე. ეს სამურაების ეთიკის გამოვლინება იყო. 3. კორპორატიული სისტემა. იაპონიაში საიბაცუს კორპორაცია ჯერ კიდევ შოუას ეპოქამდე არსებობდა და ზოგიერთი მათგანი: მიცუბიში, მიცუი, სუმიტომო, ისეთივე წარმატებით თანამშრომლობდა მილიტარისტულ მთავრობასთან, როგორც სიმენსი, ტისენი და კრუპი გერმანიაში. 4. იაპონიას იგივე მიზნები ჰქონდა, რაც ღერძის ქვეყნებს: მსოფლიოს გადანაწილება და კომუნიზმთან ბრძოლა. 5. იაპონიამ გენოციდის მეთოდები გამოიყენა 1937 წელს, როდესაც ნანჯინგში 500 000 ადამიანი გაანადგურა. 6. შინტომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იაპონურ ფაშიზმში, რამაც იაპონური უნიკალურობის კონცეფციას დოგმატური ხასიათი მისცა. 7. იაპონური დროშა კიოკუძიცუ დღემდე სასტიკად აღიქ­მება ჩინეთსა და კორეაში. 8. ფაშისტური პარტიის როლს იაპონიაში სამხედრო პირები, ოფიცრები და გენერლები ასრულებდნენ. 9. იაპონური ფაშიზმის იდეოლოგიას ახორციელებდა ფაშისტური ორგანიზაცია „იმპერიული ტახტის დახმარების ასოციაცია“ (1940-1945), რომელიც პრემიერ-მინისტრმა, პრინცმა კონოემ დააარსა მას შემდეგ, რაც იაპონია „ღერძის ქვეყნებს“ შეუერთდა. და ბოლოს, ფაშიზმის ისტორიული ანალიზი აჩვენებს, რომ იაპონური ფაშიზმის შესახებ დებატები კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

ხუბაშვილი ლ. (ია). (2026). იამატოს რასის კონცეფცია და ტანაკას მემორანდუმი იაპონური ფაშიზმის იდეოლოგიაში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 124–136; 137. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11779

გამოცემა

სექცია

ისტორია