რუსთველის მსოფლმხედველობის ერთი საკითხი (ვეფხისტყაოსნიანი რაინდის მიმართება დემნა უფლისწულის ტრაგედიასთან)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10395საკვანძო სიტყვები:
„ვეფხისტყაოსანი“; ისტორიული სინამდვილე; მხატვრული რეალობა.ანოტაცია
XII საუკუნის რეალობა და ამავე ეპოქაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისი რუსთველის მიერ გალექსილ ამბებში საგულდაგულოდაა დაფარული. მხატვრულ ტილოზე პოეტის თანადროული ისტორიული პროცესები ალეგორიების, მეტაფორებისა თუ სიმბოლოების სახეს იღებს. ჩვენი აზრით, პოეტი ფარსადან მეფის ფოკუსში გიორგი III-ს [1156-1184] მოიაზრებს, ხოლო ტარიელის წინარე სახედ – დემნა (დემეტრე) უფლისწულს, დავით V-ის პირმშოს. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთგზისაა შენიშნული „ვეფხისტყაოსანში“ ინდოთ მეფის მანკიერებათა შესახებ, თუმცა ამ თვალსაზრისით ძიება აქტუალობას არ კარგავს.
ვფიქრობთ, რომ გამოთქმული ვარაუდის დასადასტურებლად ინდოეთის ამბის დასაწყისის მოხმობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. უძეობით დადარდიანებული ფარსადანი ტარიელს ისე უყურებს, როგორც მთელი ინდოეთის მომავალ ხელისუფალს. ქვეყნისა და ლაშქრის პატრონს [„მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“: (რუსთაველი, 1966, გვ. 84, 313), თუმცა ნესტან-დარეჯანის დაბადების შემდგომ, როგორცა ჩანს, არჩეულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იცვლის და საკუთარ პოზიციას ხვარაზმელი სასიძოს მოყვანების თათბირზე მკაფიოდ აფიქსირებს. სწორედ ამ მონაკვეთში ცხადდება, რომ ფარსადან მეფე თავის „შვილობილს“ სამეფო ტახტისაკენ მიმავალ გზაზე გადაულახავ ბარიერს უქმნის.
ღირებული მოჩანს სტეფანოზ ორბელიანის საისტორიო წყარო, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ პოემის ზემოთ დასახელებულ კონტექსტსა და ისტორიულ რეალობას შორის მსგავსება დავინახოთ. ეპოსის გმირისა და დემნა უფლისწულის დაობლებასა თუ მომავალ მეფედ მისი აღზრდის გადაწყვეტილებას შორის პირდაპირი პარალელის გავლება შეიძლება. საისტორიო წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ მეფედ კურთხევას მოწადინებულ გიორგის დაურწმუნებია დიდებულები და იოვანე ორბელი იმაში, რომ საკუთარ ძმისშვილს გაამეფებდა. წყაროსავე ცნობით, გიორგი III-ს ძმისადმი მიცემული პირობისათვის მოგვიანებით მზაკვრულად აუვლია გვერდი. ამ ნაწილში ჩვენ მემატიანეს მიერ ფაქტის გაყალბება საფუძველმოკლებული გვგონია, რადგან პოემაში არაპირდაპირ, ანუ მხატვრულად, დაახლოებით იგივე ხდება, ისტორიული რეალობისა და პოემის სიუჟეტის განვითარების ამგვარი დამთხვევა კი ნაკლებ სავარაუდოა, რომ შემთხვევითი იყოს. ისტორიული და ლიტერატურული ფაქტებია ის, რომ გიორგი-ფარსადანი თვითმპყრობელი მეფეა, ხოლო ამირსპასალარის ოჯახში აღზრდილი დემნა-ტარიელი მეფისაგან [/ბიძისაგან] მოტყუებული ყმაწვილკაცი, რომელიც დიდხანს ვერ ათვითცნობიერებს მეფის ჩანაფიქრის მუხთლობას. პოეტის თანამედროვე ეპოქის სათქმელი თუ ტრაგედია, ჩვენი აზრით, პოეტმა მხატვრული კონტექსტით გადაფარა და დემნა (დემეტრე) უფლისწულის დასაჭურისებისა თუ მემკვიდრეობის მამაკაცის ხაზის განადგურება შავმერნიანი მტირალი ყმის სახეში მოაქცია.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





