არტაანელთა მეხსიერებაში ასახული წარსულის ფურცლები კონსტანტინე ოდიშარიას (მარტვილელი) ჩანაწერების მიხედვით

ავტორები

  • ნაილა ჩელებაძე ისტორიის დოქტორი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი https://orcid.org/0009-0003-2451-1753

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10405

საკვანძო სიტყვები:

არტაანი, ისტორია, თქმულება-გადმოცემები, ტოპონიმები, „ვეფხისტყაოსანი”, თამარ მეფე, ციხე-სიმაგრეები, კულტურული მემკვიდრეობა.

ანოტაცია

ნაშრომში წარმოდგენილია კ. ოდიშარიას მიერ 1913-1920 წლებში სტაციონარული კვლევით ჩაწერილი მასალების საფუძველზე არტაანის მხარის ისტორიული წარსულის ასახვის ცდა, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია აპრობირებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. ამჟამად არტაანი დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული, რაც კიდევ მეტად ზრდის მისი შესწავლის მნიშვნელობას.
ნაშრომში გამოკვლეული კ. ოდიშარიას მიერ ვრცლად წარმოდგენილი არტაანის მხარის რეალურ ისტორიასთან დაკავშირებული ამბები და მდიდარი სტატისტიკური მონაცემები – 600-მდე ტოპონიმი, ეთნიკური ვითარებისა და ტრადიციული ყოფა-ცხოვრების ასპექტები, ზედმიწევნით ზუსტად აღწერილი, ხშირად რისკის ფასად მოძიებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თუ მათი ნაშთები, მათ შორის 40-მდე ქართული საისტორიო წარწერით შემონახული 500-მდე ეკლესია, ასზე მეტი ციხე-სიმაგრე, 8-ზე მეტი არხი და მილი (მათ შორის რძის სატრანზიტო მილი), 5 ხიდი და სხვა მრავალი, მეტ დამაჯერებლობას სძენს იმ გარემოებას, რომ არტაანის კულტურული მემკვიდრეობა ტრადიციული ქართული კულტურის ფესვებზეა დაფუძნებული.
ნაშრომში განხილულია რამდენიმე ისტორიული ფაქტი და მოვლენა ისტორიული მხარის ქართული მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციების, თქმულება-გადმოცემების შედარებათა საფუძველზე. მაგალითად, გამოვლენილია საინტერესო ინტერპრეტაცია თამარ მეფის ანდერძისა თავისი შვილისადმი – ლაშა-გიორგისადმი. დაზუსტებულია „ვეფხისტყაოსნის“ ხალხურ ვერსიაში მთავარი გმირების მიერ თამარ მეფის ხსოვნისადმი პატივის მიგების – ღამით 30 აპრილს 1 მაისის გარიჟრაჟამდე ლოცვის თარიღისა და საეკლესიო კალენდრის 15 მაისს დაწესებული თამარ მეფის გარდაცვალების დღის იგივეობა. ასევე, მოცემულია ინფორმაცია ოთარ-ბეგ შერვაშიძის საოჯახო რელიქვიაში პერგამენტზე გადაწერილი 1436 წლით დათარიღებული „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერის შესახებ.
არტაანის ისტორიის მატიანეს ავსებს კ. ოდიშარიას მიერ ფიქსირებული მრავალფეროვანი ტოპონიმები. სოფელ სინოდის სახელდება განხილულია როგორც რელიგიური ოიკონიმი, რომელიც შესაძლოა ჯავახეთში საკათალიკოსოს დროებითი რეზიდენციის არსებობას უკავშირდებოდეს. ასევე, სოფელი სინოდი ნავარაუდევია როგორც „ჯავახეთის კრების“ ჩატარების ადგილი.
არტაანულ ჩანაწერებში ასახულია თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ განდგომილი განძის ათაბაგის წინააღმდეგ მისი მემკვიდრის – ლაშა-გიორგის მხედართმთავრებთან შეუთანხმებელი ლაშქრობის ამბავი, რასაც მათი აღშფოთება გამოუწვევია. სწორედ ამ ფაქტთანაა დაკავშირებული დიდებულების პროტესტის საპასუხოდ ლაშა-გიორგის მიერ სოფლისთვის ურჩის დარქმევის გადმოცემა.
დამაჯერებელია კ. ოდიშარიას მიერ „ვეფხისტყაოსნის“ მითოპოეტური სამყაროს ყველა გასაღების არტაანის მიდამოებში წარმოსახვა, რომელიც ადგილობრივ ქართველთა წარმოდგენაში რეალურად, ისტორიული გეოგრაფიის დონეზე არსებული ცალკეული ადგილების (ქაჯეთის ციხე, სასახლე, პალაკაციოს ტბის გვირაბი და სხვ.) საფუძველზეა გააზრებული. ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთგვაროვნად განსაზღვრულ ქაჯეთის ციხის ლოკალიზაციის საკითხს და „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯეთის ციხის პროტოტიპად მიჩნევას, კ. ოდიშარიასეული ციხის ვრცელი აღწერა მეტ სანდოობას სძენს. გარდა ამისა, მიგნებულია ჩილდირის ციხის სხვა სახელწოდებაც – მზე-ქალას ციხე და სხვ.
ამდენად, კ. ოდიშარიას ჩანაწერები იძლევა ქართული მატიანეებისთვის ზოგიერთი უცნობი ტოპონიმის, კულტურული მემკვიდრეობის მრავალი ძეგლის შესწავლის, ქართველოლოგიის არაერთი პრობლემის გადაჭრის რეალურ შესაძლებლობას, რაც უტყუარს ხდის არტაანული მასალების პირველწყაროდ გამოყენებისა და სამეცნიერო მიმოქცევაში მათი ჩართვის გარდაუვალობას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

19-12-2025

როგორ უნდა ციტირება

ჩელებაძე ნ. (2025). არტაანელთა მეხსიერებაში ასახული წარსულის ფურცლები კონსტანტინე ოდიშარიას (მარტვილელი) ჩანაწერების მიხედვით. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 707–716; 717. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10405

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.