მიმოხილვა

ევროპა-აზიის გასაყარზე მდებარე შავიზღვისპირეთი, თავისი გეო-სტრატეგიული მდებარეობით, უძველესი დროიდანვე იქცევდა რეგიონული თუ მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკური და სავაჭრო-ფინანსური წრეების ყურადღებას. ამ ვრცელ არეალში მოქცეული სხვადასხვა ქვეყანა, სწორედ შავი ზღვის ღია სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სივრცის წყალობით, იმთავითვე ჩართული იყო მსოფლიო-ისტორიულ პროცესებში. შავიზღვისპირეთი ოდითგანვე სხვადასხვა ცივილიზაციის შეხვედრის ადგილია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს და განუწყვეტლივ ურთიერთქმედებდნენ როგორც ერთმანეთზე, ისე ადგილობრივ სამყაროზე. ეს იყო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორებით გამოწვეული ყოვლისმომცველი და მუდმივმოქმედი პროცესი. ამ პროცესმა განაპირობა შავიზღვისპირეთის ვრცელი არეალის თანამედროვე სახე, ის პოლიტიკური, რელიგიური თუ კულტურული სინამდვილე, რაც სადღეისოდ გვაქვს. რეგიონში არსებული ნებისმიერი ნიუანსი, საცხოვრებელი ნაგებობებით, ჩაცმულობითა და კერძებით დაწყებული, მსოფლმხედველობითი, ენობრივი და ანთროპოლოგიური თავისებურებებით დამთავრებული, ამ პროცესის შედეგია. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება, ამიტომაც იყო და იქნება დაინტერესების საგანი სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნო-კონფესიური, კულტურული თუ პროფესიული ჯგუფისათვის. ასეთმა ვითარებამ ბუნებრივად დასვა დღის წესრიგში ფართო ხასიათის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების საკითხი, რომელიც ნაწილობრივ მაინც შეძლებდა რეგიონის პრობლემატიკაზე მომუშავე სხვადასხვა დარგის მკვლევართათვის შეხვედრისა და აზრთა ურთიერთგაზიარების საშუალება მიეცა. ასე დაიბადა ინტერდისციპლინარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ – ჩატარების იდეა, რისი რეალიზებაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა (საქართველო) და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის სამი მონოთეისტური რელიგიისა და კანონიკური სამართლის შესწავლის კვლევის ცენტრის (რუმინეთი) თანაორგანიზატორობით განხორციელდა. სამეცნიერო ღონისძიება ინტერდისციპლინურ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ მოხსენებები სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებით (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ტურიზმი, ეკოლოგია, რელიგიათმცოდნეობა, პოლიტოლოგია, გეოგრაფია), რომლებიც ეხება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს და მათთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებს.

კონფერენციის მიზანი:

კონფერენციის ძირითადი მიზანია შავიზღვისპირეთის რეგიონის ქვეყნებში სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებში განხორციელებული უახლესი კვლევების წარმოჩენა და მათი გაზიარება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის; აგრეთვე, საერთო მიმართულებით მომუშავე მეცნიერთა დაახლოება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების შემუშავებას. კონფერენციის მიზანია, ასევე, ჩვენი ქვეყნის უახლესი სამეცნიერო კვლევების პოპულარიზება და უცხოელ მკვლევართა შორის საქართველოთი დაინტერესება.